ახალი ამბები

„ეს არის ჩვენი პასუხი რუსეთს“ — შეკრება პრეზიდენტის სასახლესთან

8 ნოემბერი, 2023 • 4223
„ეს არის ჩვენი პასუხი რუსეთს“ — შეკრება პრეზიდენტის სასახლესთან

„ეს არის ჩვენი პასუხი რუსეთს, ეს არის ჩვენი პასუხი ოკუპაციას და ეს არის ყველას გამარჯვება“, — განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა ევროკომისიის დადებითი რეკომენდაციის გამოქვეყნების შემდეგ ორბელიანების სასახლის წინ გამართულ შეკრებაზე.

სალომე ზურაბიშვილმა თანამემამულეებს –  როგორც საზღვარგარეთ, ისე საქართველოში, მათ შორის ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოსახლეობას- მიულოცა ევროკომისიის მიერ მიღებული დადებითი რეკომენდაცია საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე.

„ჩვენი ევროპული მომავალი თქვენი მომავალიცაა“, — მიმართა ზურაბიშვილმა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების მცხოვრებლებს.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, დღევანდელი დღე ეკუთვნის ყველას, წინაპრებს, ვინც საქართველოს ისტორიის მანძილზე იზიარებდა ევროპულ მისწრაფებებს.

„ეს დღე ზვიადის და მერაბისაა. ეს დღე ასევე ზურა ჟვანიასია და ამ ქვეყნის ყველა მეთაურისა, რომელმაც ამ დიდ საოცნებო საქმეში თავისი წვლილი შეიტანა. მაგრამ ყველაზე უფრო მეტად ეს დღე თქვენი დღეა, რამეთუ ქართველმა ხალხმა თავისი გზა აირჩია და აღარ უყოყმანია ამ გზაზე“, — განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა და თქვა, რომ ევროპული გზა არის საქართველოს მშვიდობისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ერთადერთი გზა.

„სხვა გზა მონობამდე და ჩვენი თავის დაკარგვამდე მიდის“, — დასძინა მან.

შეკრების მონაწილეებს სიტყვით მიმართა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ. ღონისძიება ევროკავშირის ესწრებოდნენ წევრი სახელმწიფოების ელჩები, აშშ-ის ელჩი საქართველოში რობინ დანიგანი, პოლიტიკური და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები. სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ ღონისძიებაზე მოწვეული იყო ხელისუფლებაც.

„დღეს ჩვენ ყველა დავპატიჟეთ — პოზიცია, ოპოზიცია… არ ვიცი, ყველა მოვიდა თუ არა, მაგრამ ჩვენ ვიძლევით ერთიანობის სურათს“, — თქვა მან.

შეკრებაზე წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირებს და ხაზი გაესვა მათ დამსახურებას ევროინტეგრაციის გზაზე.

ასევე, პრეზიდენტმა დაიწყო კამპანია „ჩვენი ხმა ევროპას“, რომელიც ითვალისწინებს ხელმოწერების შეგროვებას ევროპის ლიდერებისადმი მიმართვაზე, რომ საქართველოს მიანიჭონ კანდიდატის სტატუსი.

„ჩვენი ხმა ევროპას“ — პრეზიდენტი EU-სთვის ხელმოწერებს შეაგროვებს

ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერები 14-15 დეკემბერს, ევროპული საბჭოს სამიტზე მიიღებენ გადაწყვეტილებას საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის შესახებ. ევროკომისიამ საბჭოს რეკომენდაცია მისცა, საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, უკრაინასთან და მოლდოვასთან კი გაწევრიანების მოლაპარაკებები გახსნას.

მასალების გადაბეჭდვის წესი