საზოგადოება

„ჩვენი ხმა ევროპას“ — პრეზიდენტი EU-სთვის ხელმოწერებს შეაგროვებს

8 ნოემბერი, 2023 • 4394
„ჩვენი ხმა ევროპას“ — პრეზიდენტი EU-სთვის ხელმოწერებს შეაგროვებს

საქართველოს პრეზიდენტი იწყებს კამპანიას „ჩვენი ხმა ევროპას“, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს მოქალაქეების ხელმოწერების შეგროვებას.

მოქალაქეებს შეუძლიათ პრეზიდენტის ვებ-გვერდზე, ონლაინ ხელი მოაწერონ მიმართვას ევროპის ლიდერებისადმი, რომ მიანიჭონ საქართველოს კანდიდატის სტატუსი, „თანახმად საქართველოსა და მისი ხალხის მრავალწლიანი მიზანმიმართული სწრაფვისა და ურყევი ნებისა“. სალომე ზურაბიშვილის თქმით, ასევე გახსნილი იქნება ორბელიანების სასახლის კარი და ვისას სურს, შეუძლია ფიზიკურად მივიდეს და წერილს ხელი მოაწეროს.

„საქართველოს ხალხის გამოხატული ნება ვერ შეარყია ვერცერთმა ურთულესმა გამოწვევამ — ვერც ომმა და ვერც ოკუპაციამ. ჩვენი წარსულით და საერთო ღირებულებებით დიდი ხანია ერთნი ვართ. მაშასადამე, ჩვენი მომავალი თქვენთანაა, ევროპაშია და ამას ალტერნატივა არ გააჩნია! საქართველოს კონსტიტუციაში ჩაწერილი პირობის თანახმად, ძალისხმევას არ დავიშურებთ და არაფერს დავაკლებთ ჩვენს მიზანს: სხვადასხვა პოლიტიკური მსოფლმხედველობის მიუხედავად, ერთობის ძალით ხელს ვაწერთ ამ პეტიციას და ვითხოვთ კანდიდატის სტატუსს“, — ნათქვამია მიმართვაში.

თავად საქართველოს პრეზიდენტმა მიმართვას ხელი მოაწერა ორბელიანების სასახლესთან გამართულ აქციაზე. მან მიმართა დიასპორას და მოუწოდა, ამ წამოწყების მონაწილე გახდნენ.

„რეგიონების როლი ძალიან დიდი იქნება. იმედი მაქვს, რომ გამოხატული იქნება მრავალმხრივი ინიციატივები. სადაც საჭიროდ ჩათვლიან, მეც შევუერთდები, თუმცა მთავარია ყველა იყოს თავისუფალი ინიციატივების წარმოდგენაში“, — განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მისი თქმით, საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფებს შეუძლიათ, საკუთარი ხმა მიაწვდინონ ევროპას, მათ შორის მხატვრებს, მათი ნამუშევრების წარმოდგენით და სხვა.

„ხელმოწერა არის ღია ყველასთვის პოლიტიკური მიკერძოების მიუხედავად. დღეს ჩვენ ყველა დავპატიჟეთ — პოზიცია, ოპოზიცია… არ ვიცი, ყველა მოვიდა თუ არა, მაგრამ ჩვენ ვიძლევით ერთიანობის სურათს“, — თქვა სალომე ზურაბიშვილმა.

ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერები 14-15 დეკემბერს, ევროპული საბჭოს სამიტზე მიიღებენ გადაწყვეტილებას საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის შესახებ. ევროკომისიამ საბჭოს რეკომენდაცია მისცა, საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, უკრაინასთან და მოლდოვასთან კი გაწევრიანების მოლაპარაკებები გახსნას.

მასალების გადაბეჭდვის წესი