ახალი ამბები

პროგრესი ლიმიტირებულია — რა წერია ევროკომისიის შეფასებაზე სასამართლოს ნაწილში

8 ნოემბერი, 2023 • 922
პროგრესი ლიმიტირებულია — რა წერია ევროკომისიის შეფასებაზე სასამართლოს ნაწილში

ევროკომისიის შეფასებაში, რომელიც დღეს, 8 ნოემბერს გამოქვეყნდა, აღნიშნულია, რომ მართლმსაჯულების მიმართულებით საქართველომ შეზღუდული პროგრესი აჩვენა.

სწორედ აღნიშნულ შეფასებას და რეკომენდაციას უნდა დაეფუძნოს 2023 წლის დეკემბერში ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის საბოლოოდ მიღება.

დოკუმენტის მიხედვით,  საერთო სასამართლოების შესახებ კანონში 2023 წლის ივნისსა და სექტემბერში პარლამენტმა რიგი ცვლილებები შეიტანა, თუმცა ევროკომისია აღნიშნავს, რომ ცვლილებები არ პასუხობს ვენეციის კომისიის მოსაზრების ძირეულ რეკომენდაციებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სიღრმისეულ რეფორმირებასა და უზენაეს სასამართლოსთან დაკავშირებით გახმიანებულ მოწოდებებზე.

მათ შორის, კომისია მიუთითებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ძალაუფლებასა და ფუნქციონირებაზე მიმართული ნაბიჯების ნაკლებობაზე. დოკუმენტი გამოყოფს ისეთ საკითხებს, როგორებიცაა საბჭოს წევრების მანდატი მოსამართლეთა თანხმობის გარეშე გადაყვანასა და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის ფარგლებში კანდიდატებისთვის ეფექტიანი გასაჩივრების მექანიზმს:

„საქართველომ უნდა გაატაროს ეფექტიანი და ყოვლისმომცველი რეფორმა მართლმსაჯულების სისტემაში, რათა უზრუნველყოფილი იყოს მისი დამოუკიდებლობა, ანგარიშვალდებულება“ ,— ვკითხულობთ დოკუმენტში, სადაც აღნიშნულია, რომ საქართველომ ასევე უნდა მიიღოს საკანონმდებლო ცვლილებები გენერალური პროკურორის დანიშვნის წესთან დაკავშირებითაც.

შესაბამისად, ევროკომისია გასცემს რეკომენდაციას, რომ მომავალი წლისთვის საქართველომ უნდა:

  • განახორციელოს საკანონმდებლო ცვლილებები საერთო სასამართლოების შესახებ კანონში იმგვარად, რომ ის სრულ თანხვედრაში იყოს ვენეციის კომისიის რეკომენდაციებთან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ძალაუფლების ნაწილში, მათ შორის ცვლილებები, რომლებიც შეეხება მოსამართლეთა გადაყვანას და მათ წინააღმდეგ დისციპლინური პასუხისგების პროცედურების წარმართვას. ამასთან, დანერგოს ეფექტიანი გასაჩივრების მექანიზმი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებისთვის;
  • გაატაროს ფართო რეფორმა მართლმსაჯულების სისტემაში, კონკრეტულად კი, იუსტიციის უმაღლესი საბჭოში, რომელიც თანხვედრაში იქნება ვენეციის კომისიის რეკომენდაციებთან და დაადგენს ექსტრაორდინალურ წესს საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით, რომელიც შეაფასებს სასამართლო სისტემაში მაღალ თანამდებობებზე დანიშნულ პირთა თანამდებობასთან შესაბამისობის საკითხს, მათ შორის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებისა და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეებისთვის;
  • გენერალური პროკურორის დანიშვნის წესში შეიტანოს ცვლილებები, რომელიც მოიცავს ამ თანამდებობაზე კანდიდატის არა უბრალო, არამედ კვალიფიციური უმრავლესობით არჩევას პარლამენტის მიერ. ამასთან, გაითვალისწინოს ვენეციის კომისიის რეკომენდაციები აღნიშნული ცვლილებების განხორციელებისას.

ევროკომისიამ გასცა რეკომენდაცია, საქართველოს მიენიჭოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი. თუმცა, როგორც ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა თქვა:

„კომისიის რეკომენდაციაა, მიენიჭოს საქართველოს კანდიდატის სტატუსი დათქმით, რომ მთავრობა გადადგამს მნიშვნელოვან ნაბიჯებს რეფორმების კუთხით“.

ფონ დერ ლაიენმა აღნიშნა, რომ ევროკომისია მხარს უჭერს ქართველთა უმრავლესობის გულწრფელ სურვილს ევროკავშირში გაწევრებაზე.

„კომისია აცნობიერებს, რომ გადაიდგა პოზიტიური ნაბიჯები – ოპოზიციის ზედამხედველობა პარლამენტში გაიზარდა, დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმა მიიღეს, შეიქმნა ანტიკორუფციული ბიურო“, – ამბობს ევროკომისიის პრეზიდენტი.

რა იქნება შემდეგ?

ევროკომისიის დასკვნის შემდეგ, გადაწყვეტილება სტატუსის საკითხზე უნდა მიიღოს ევროპულმა საბჭომ, ამავე წლის დეკემბერში. ევროპული საბჭო პოლიტიკური ორგანოა და მასში ევროკავშირის წევრი ქვეყნები შედიან. ანუ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას მხარი EU-ს წევრმა ყველა ქვეყანამ უნდა დაუჭიროს.კანდიდატის სტატუსის შემდგომი ნაბიჯი გაწევრიანებაზე მოლაპარაკების დაწყებაა, თუმცა, ეს, როგორც წესი, ხანგრძლივი პროცესია.

საქართველომ, მოლდოვამ და უკრაინამ 2022 წლის მარტში შეიტანეს განაცხადი ევროკავშირში გაწევრიანებაზე. იმავე წლის ზაფხულში მოლდოვამ და უკრაინამ კანდიდატის სტატუსი მიიღეს, ხოლო საქართველომ – ევროპული პერსპექტივა და 12 შესასრულებელი რეკომენდაცია სტატუსის მისაღებად. საქართველოს ხელისუფლების პოზიციაა, რომ საქართველომ როგორც 2022 წელს, ასევე ახლაც დაიმსახურა კანდიდატის სტატუსი და ის უსამართლობის გამო ვერ მიიღო.

მასალების გადაბეჭდვის წესი