ახალი ამბები

„უპირველეს ყოვლისა, ვულოცავ საქართველოს მოსახლეობას“ — EU-ს ელჩი სტატუსზე რეკომენდაციაზე

8 ნოემბერი, 2023 • 1051
„უპირველეს ყოვლისა, ვულოცავ საქართველოს მოსახლეობას“ — EU-ს ელჩი სტატუსზე რეკომენდაციაზე

ევროკავშირის ელჩი საქართველოში პაველ ჰერჩინსკი ქვეყანას ევროკომისიის დღევანდელ გადაწყვეტილებას ულოცავს. ამ გადაწყვეტილებით ევროკომისია აძლევს რეკომენდაციას ევროპულ საბჭოს, საქართველოს მიანიჭოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი.

ელჩი აღნიშნავს, რომ ეს არის ევროკავშირის მხრიდან საქართველოს მოსახლეობის, მისი ხალხის ევროპული მომავლის მტკიცე მხარდაჭერა და ბოლო წლებში მიღწეული წინსვლის დიდი აღიარება:

„გილოცავთ, ევროკომისია რეკომენდაციას უწევს საქართველოს, რომ მან კანდიდატის სტატუსი მიიღოს. გულითადად ვულოცავ ყველა პოლიტიკურ ლიდერს. მთავრობას, ოპოზიციას, პარლამენტს, პრეზიდენტს, სამოქალაქო საზოგადოებას, მედიას, მაგრამ უპირველეს ყოვლისა, გულითადად ვულოცავ საქართველოს მოსახლეობას, ხალხს, რომელიც მტკიცედ და თანმიმდევრულად უჭერდა მხარს საქართველოს ევროპულ გზას.

ეს არის ევროკავშირის მხრიდან საქართველოს მოსახლეობის, მისი ხალხის ევროპული მომავლის მტკიცე მხარდაჭერისა და ბოლო წლების განმავლობაში მიღწეული წინსვლის დიდი აღიარება. იმიტომ, რომ ეს ევროპული მისწრაფებები საქართველოს ყველა მოქალაქეს აერთიანებს. მე არ შემხვედრია არცერთი საქართველოს მოქალაქე, ვისი სურვილიც არ იქნებოდა, რომ მათ ქვეყანას კანდიდატის სტატუსი მინიჭებოდა“, – ამბობს ევროკავშირის ელჩი საქართველოში.

პაველ ჰერჩინსკის თქმით, ახლა საქართველომ მნიშვნელოვანი ნაბიჯები უნდა გადადგას, რომელთა შესრულებაც შემდეგ ეტაპზე გადასვლისთვის გადამწყვეტი იქნება. მისი თქმით, ჯერ კიდევ ჩასატარებელია მნიშვნელოვანი რეფორმები ისეთ სფეროებში, როგორიცაა კანონის უზენაესობა, მედიის თავისუფლება და თავისუფალი და სამართლიანი არცევნების ჩატარება:

„ამავდროულად, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია მნიშვნელოვანი ნაბიჯების შესრულებას უკავშირდება. ამ ნაბიჯების შესრულება შემდეგ ეტაპზე გადასვლისთვის გადამწყვეტი იქნება. ეს გაფართოების პროცესის ბუნებაა. მუდმივი რეფორმები, რათა თქვენი ქვეყანა მზად იყოს, რომ როგორც ევროკავშირის სრულუფლებიანმა წევრმა, თავისი ადგილი დაიკავოს.

ანგარიში საქართველოს მიერ მიღწეულ წინსვლას აღიარებს, თუმცა მასში ასევე ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ ჯერ კიდევ ჩასატარებელია მნიშვნელოვანი სამუშაო ისეთი არსებითი რეფორმების სფეროებში, როგორიცაა კანონის უზენაესობა, მედიის თავისუფლება და თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება. ანგარიშში ასევე ხაზგასმულია, თუ რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის ბრძოლა დეზინფორმაციის წინააღმდეგ, განსაკუთრებით, ევროკავშირის საწინააღმდეგო დეზინფორმაციის. ამისთვის საქართველომ პოლიტიკური პოლარიზაცია უნდა შეამციროს. ერთად დიდი მიღწევებია შესაძლებელი“, — აცხადებს ევროკავშირის ელჩი საქართველოში.

პაველ ჰერჩინსკი აღნიშნავს, რომ ახლა ჯერი საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებზეა და აცხადებს, რომ მმართველმა პარტიამ და ოპოზიციამ ერთად, კონსტრუქციულად უნდა იმუშაონ ქართველი ხალხის მისწრაფებების განსახორციელებლად და ევროკავშირის მიერ დასახული ახალი ნაბიჯების გადასადგმელად:

„ახლა, საქართველოს ლიდერებმა, მმართველმა პარტიამ და ოპოზიციამ, ერთად და კონსტრუქციულად უნდა იმუშაონ ხალხის მისწრაფებების განსახორციელებლად და ევროკავშირის მიერ დასახული ახალი ნაბიჯების გადასადგმელად. ბოლო წლების განმავლობაში ევროკავშირის გაფართოებამ აჩვენა, რომ როგორც კი იქნება ფართო პოლიტიკური კონსენსუსი, რომლის საშუალებით შესაძლებელია რეფორმების განხორციელება, პროცესი შეიძლება ძალიან სწრაფად წარიმართოს. ამ ნაბიჯების მიზანი არ არის ბრიუსელისთვის თავის მოწონება, არამედ ქართველი ხალხის ცხოვრების გაუმჯობესება. საქართველო ევროკავშირში გაწევრიანების გზას დაადგა, მზად ვართ, ამ გზის ყველა ეტაპზე თქვენი მხარდაჭერა გავაგრძელოთ“ ,— აცხადებს ელჩი.


ევროკომისიამ გასცა რეკომენდაცია, საქართველოს მიენიჭოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი. თუმცა, როგორც ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა თქვა:

„კომისიის რეკომენდაციაა, მიენიჭოს საქართველოს კანდიდატის სტატუსი დათქმით, რომ მთავრობა გადადგამს მნიშვნელოვან ნაბიჯებს რეფორმების კუთხით“.

ფონ დერ ლაიენმა აღნიშნა, რომ ევროკომისია მხარს უჭერს ქართველთა უმრავლესობის გულწრფელ სურვილს ევროკავშირში გაწევრებაზე.

„კომისია აცნობიერებს, რომ გადაიდგა პოზიტიური ნაბიჯები – ოპოზიციის ზედამხედველობა პარლამენტში გაიზარდა, დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმა მიიღეს, შეიქმნა ანტიკორუფციული ბიურო“, – ამბობს ევროკომისიის პრეზიდენტი.

საქართველომ, მოლდოვამ და უკრაინამ 2022 წლის მარტში შეიტანეს განაცხადი ევროკავშირში გაწევრიანებაზე. იმავე წლის ზაფხულში მოლდოვამ და უკრაინამ კანდიდატის სტატუსი მიიღეს, ხოლო საქართველომ – ევროპული პერსპექტივა და 12 შესასრულებელი რეკომენდაცია სტატუსის მისაღებად. საქართველოს ხელისუფლების პოზიციაა, რომ საქართველომ როგორც 2022 წელს, ასევე ახლაც დაიმსახურა კანდიდატის სტატუსი და ის უსამართლობის გამო ვერ მიიღო.

რა იქნება შემდეგ?

ევროკომისიის დასკვნის შემდეგ, გადაწყვეტილება სტატუსის საკითხზე უნდა მიიღოს ევროპულმა საბჭომ, ამავე წლის დეკემბერში. ევროპული საბჭო პოლიტიკური ორგანოა და მასში ევროკავშირის წევრი ქვეყნები შედიან. ანუ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას მხარი EU-ს წევრმა ყველა ქვეყანამ უნდა დაუჭიროს.კანდიდატის სტატუსის შემდგომი ნაბიჯი გაწევრიანებაზე მოლაპარაკების დაწყებაა, თუმცა, ეს, როგორც წესი, ხანგრძლივი პროცესია.

მასალების გადაბეჭდვის წესი