ახალი ამბები

8 ნოემბერს, 20:00 საათზე, ორბელიანების სასახლესთან პრეზიდენტი შეკრებას აანონსებს

7 ნოემბერი, 2023 • 905
8 ნოემბერს, 20:00 საათზე, ორბელიანების სასახლესთან პრეზიდენტი შეკრებას აანონსებს

ხვალ, 8 ნოემბერს, 20:00 საათზე, მას შემდეგ, რაც გამოქვეყნდება ევროკომისიის შეფასება საქართველოს მიერ 12 რეკომენდაციის შესრულების შესახებ, სალომე ზურაბიშვილი ორბელიანების სასახლესთან შეკრებას აანონსებს და მოქალაქეებს მოუწოდებს მონაწილეობისკენ.

ზურაბიშვილის თქმით, თავდაპირველად დაგეგმილი იყო კონცერტი, თუმცა საოკუპაციო ძალების წარმომადგენლების მიერ საქართველოს მოქალაქის გუშინ მომხდარი მკვლელობის ფონზე კონცერტი გაუქმდა,მაგრამ პრეზიდენცი აცხადებს, რომ მოქალაქეები მაინც შეიკრიბებიან, რათა ევროპას კიდევ ერთხელ გააგონონ საქართველოს მიერ გაკეთებული არჩევანი:

„ჩვენი პასუხი რუსეთის პოლიტიკაზე არის ერთი, ეს არის ევროპა, ეს არის მშვიდობა და ეს არის მშვიდობა ევროპაში. ჩვენ სხვა პერსპექტივას არც ვუყურებთ, არც გვჯერა და ძალიან გასაკვირია, თუ ვინმეს შეიძლება საქართველოში სჯეროდეს რუსეთთან ერთად მომავლის. ხვალ იქნება ევროკომისიის დასკვნა, რომელიც ჯერ არ არის გადაწყვეტილება მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია.

ჩვენ ვგეგმავდით 8-ში, 20:00 საათზე დიდ ღონისძიებას არა ზეიმისთვის, არამედ იმისათვის, რომ დაგვეწყო ხელმოწერების დიდი კამპანია, რომელშიც ყველა იქნება ჩართული. ჩვენი საზოგადოების ყველა ნაწილი უნდა იყოს ერთიანი.  ჩვენ შევცვალეთ ხვალინდელი ღონისძიების სახე, მაგრამ არა მისი არსი.

ჩვენ ხვალ შევიკრიბებით, კიდევ ერთხელ ვიტყვით, რომ ჩვენი მომავალი არ არის რუსეთში და ევროპაში გავაგზავნით ჩვენს ხმას. შევიკრიბებით და დავიწყებთ ხელმოწერების შეგროვებას იმიტომ, რომ რუსეთი ვეღარასოდეს შეგვიცვლის დღის წესრიგს. არასოდეს საქართველოს თავისი გზა არ შეუცვლია და ჩვენ ამ გზას არ შევცვლით. ეს იქნება ჩვენი პასუხი თამაზ გინტურის მკვლელობაზე, ეს იქნება ჩვენი პასუხი ყველა გატაცებულ ადამიანზე, ეს იქნება ჩვენი პასუხი დღემდე ოკუპირებულ ტერიტორიებზე და მათ ძალიან მძიმე ბედზე – ჩვენ შევალთ ევროკავშირში და გვექნება ის, რაც საქართველოს ეკუთვნის იმ ევროპულ ოჯახში, მშვიდობიანად ყოფნის მომავალი“, – ამბობს სალომე ზურაბიშვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი