ახალი ამბები

სალომე ზურაბიშვილი სოფელ კირბალში იმყოფებოდა

7 ნოემბერი, 2023 • 1297
სალომე ზურაბიშვილი სოფელ კირბალში იმყოფებოდა

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოფელ კირბალში იმყოფებოდა. მან რუსი ოკუპანტების მიერ მოკლული თამაზ გინტურის ოჯახს მიუსამძიმრა.

საქართველოს მოქალაქე თამაზ გინტური გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალთან რუსეთის საოკუპაციო წარმომადგენლებმა გუშინ, 6 ნოემბერს, მოკლეს. მასთან ერთად მყოფი ლევან დოთიაშვილი კი ცხინვალის მიმართულებით გაიტაცეს.

სალომე ზურაბიშვილი გუშინვე გამოეხმაურა ოკუპანტების მიერ საქართველოს მოქალაქის მოკვლას და თქვა, რომ ამას საქართველოს სახელმწიფოებრიობაზე თავდასხმად მიიჩნევს, რომელიც კიდევ ერთხელ აჩვენებს “ერთმორწმუნე ძმის” სახეს.

ამასთან, დღეს სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს მიერ 12 რეკომენდაციის შესრულების შესახებ ევროკომისიის შეფასების გამოქვეყნების დღეს, ხვალ, 8 ნოემბერს, დაგეგმილი იყო კონცერტი, თუმცა საოკუპაციო ძალების წარმომადგენლების მიერ საქართველოს მოქალაქის გუშინ მომხდარი მკვლელობის ფონზე კონცერტი გაუქმდა.


ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ საქართველოში (EUMM) დაგმო ძალის გამოყენება და გამოთქვა უკიდურესი შეშფოთება „სროლის ინციდენტის გამო, რომელსაც მოჰყვა ადამიანის სიკვდილი“.

„რეგიონში მშვიდობის, უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შესანარჩუნებლად აუცილებელია მსგავსი ინციდენტების აღკვეთა. მოვუწოდებთ ყველა ჩართულ მხარეს თავშეკავების გამოჩენისკენ და შემდგომი ესკალაციის თავიდან ასაცილებლად ყველა საჭირო ზომის მიღებისკენ“, — ნათქვამია მისიის განცხადებაში.

ფოტო: „ფორმულა“

მასალების გადაბეჭდვის წესი