საზოგადოება

„რუსული ოკუპაციის დექსტრუქციის ნათელი მაგალითია“ – სახელმწიფო დეპარტამენტი გინტურის მკვლელობაზე

7 ნოემბერი, 2023 • 695
„რუსული ოკუპაციის დექსტრუქციის ნათელი მაგალითია“ – სახელმწიფო დეპარტამენტი გინტურის მკვლელობაზე

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში გამოეხმაურნენ რუსული საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის, თამაზ გინტურის მკვლელობას. უწყების პრესსპიკერმა აღნიშნა, რომ ეს რუსული ოკუპაციის დესტრუქციის ნათელი მაგალითია.

„აშშ გმობს საქართველოს მოქალაქის, თამაზ გინტურის მკვლელობას რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ. გამოვხატავთ ჩვენს თანაგრძნობას. ეს არის საქართველოსა და სხვა სუვერენულ ტერიტორიაზე რუსეთის  ოკუპაციის დექსტრუქციის ნათელი მაგალითი“, – აღნიშნავს მეთიუ მილერი.


საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის [სუს] ცნობით, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალთან, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ადგილობრივი მცხოვრებლის უკანონოდ დაკავების მცდელობისას რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ცეცხლსასროლი იარაღით საქართველოს ერთი მოქალაქე მოკლეს, მეორე კი ცხინვალის მიმართულებით გაიტაცეს.

არაოფიციალური ინფორმაციით, მოკლულია 60 წლამდე კირბლელი კაცი თამაზ გინტური, ხოლო გატაცებულია ასევე ადგილობრივი ლევან დოთიაშვილი.

ადგილობრივების ინფორმაციით, მკვლელობა მოხდა სოფელ კირბალთან ახლოს მდებარე ლომისის ეკლესიასთან. ეს ტაძარი ოკუპირებულ ტერიტორიებში ექცევა და რუსი ოკუპანტები ადგილობრივებს მასთან მიახლოებას უკრძალავენ.

მომხდარის შემდეგ თბილისმა ტექნიკური შეხვედრის გამართვა მოითხოვა, სადაც მონაწილეობას მიიღებენ რუსეთის საოკუპაციო ძალების, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები.

პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ღრმად არის აღშფოთებული და ამას საქართველოს სახელმწიფოებრიობაზე თავდასხმად მიიჩნევს, რომელიც კიდევ ერთხელ აჩვენებს „ერთმორწმუნე ძმის“ სახეს. პრემიერმა ღარიბაშვილმა სამძიმარი გამოუცხადა მოკლულის ოჯახს და ასევე, მოუწოდა საოკუპაციო რეჟიმს, ითანამშრომლონ ყველა მხარესთან დამნაშავის გამოსავლენად და დასასჯელად.

მასალების გადაბეჭდვის წესი