ახალი ამბები

გუშინდელი მკვლელობა გვაჩვენებს, თუ რამდენად მყიფეა და გაფრთხილება უნდა მშვიდობას – პაპუაშვილი

7 ნოემბერი, 2023 • 1095
გუშინდელი მკვლელობა გვაჩვენებს, თუ რამდენად მყიფეა და გაფრთხილება უნდა მშვიდობას – პაპუაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ კირბალთან საქართველოს მოქალაქის მკვლელობა აჩვენებს, რომ მშვიდობას გაფრთხილება სჭირდება.

მისი თქმით, ეს ადასტურებს, რამდენად მყიფეა საქართველოშირ უსაფრთხოების მხრივ მდგომარეობა და „რამდენად ასჯერ დაფიქრებული“ გადაწყვეტილებების მიღებაა საჭირო.

„სწორედ ასეთი ფაქტი და გუშინდელი მკვლელობა გვაჩვენებს, თუ რამდენად მყიფეა და გაფრთხილება უნდა მშვიდობას. ზუსტად ეს ფაქტია დასტური იმის, რომ ის გამოწვევები, რაც ოკუპაციის სახით გვაქვს, არის ყოველდღიური საფრთხე ჩვენი სიმშვიდისთვის, ამიტომაც არის მნიშვნელოვანი გონიერი პოლიტიკის გატარება, რათა არ გვქონდეს ფართომასშტაბიანი კონფლიქტი ქვეყანაში“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ამასთან, პაპუაშვილი, „ქართული ოცნების“ სხვა წევრების მსგავსად, ოკუპანტების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობაზე საუბრისას ხაზს უსვამს, რომ ოკუპაცია წინა ხელისუფლების მიერ დატოვებული მემკვიდრეობაა.

„ქართული ოცნების“ მთავარი პოლიტიკა მდგომარეობს, ერთი მხრივ, გააზრებაში, რომ საფრთხეები სერიოზულია, როდესაც უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი იმყოფებოდა და დახურულ ფორმატში ვისმენდით საკითხებს, ამაზეც გვქონდა საუბარი და ყველა მოქალაქემ უნდა გაუსწოროს თვალი იმ უსაფრთხოების რისკებს, რაც ქვეყანას აქვს. მეორე მხრივ, ამ რისკების რეალიზება არ უნდა მოხდეს.

პასუხისმგებლიანი პოლიტიკის მთავარი არსი რისკების სწორად შეფასება და ისაა, რომ რისკების რეალიზების შესაძლებლობა არ მივცეთ სხვადასხვა ინსტრუმენტით. ეს ინსტრუმენტები არის როგორც ჩვენს ხელში ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო ზეწოლა. ამიტომ სწორედ ამ ინსტრუმენტების გამოყენებით არის, რომ საქართველო ბოლო წლებში, 10 წელზე მეტია, ინარჩუნებს მშვიდობას. მიუხედავად იმისა, რომ არსებობს რისკები, სწორედ ამ რისკების რეალიზებას უშლის ხელს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.


6 ნოემბერს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალთან რუსეთის საოკუპაციო წარმომადგენლებმა საქართველოს ერთი მოქალაქე თამაზ გინტური მოკლეს, მეორე ლევან დოთიაშვილი კი ცხინვალის მიმართულებით გაიტაცეს.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ საქართველოში (EUMM) დაგმო ძალის გამოყენება და გამოთქვა უკიდურესი შეშფოთება „სროლის ინციდენტის გამო, რომელსაც მოჰყვა ადამიანის სიკვდილი“.

„რეგიონში მშვიდობის, უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შესანარჩუნებლად აუცილებელია მსგავსი ინციდენტების აღკვეთა. მოვუწოდებთ ყველა ჩართულ მხარეს თავშეკავების გამოჩენისკენ და შემდგომი ესკალაციის თავიდან ასაცილებლად ყველა საჭირო ზომის მიღებისკენ“, — ნათქვამია მისიის განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი