ახალი ამბები

ოკუპანტების მიერ თამაზ გინტურის მკვლელობას კობახიძე და კალაძე “წინა ხელისუფლების მემკვიდრეობას” უწოდებენ

7 ნოემბერი, 2023 • 1534
ოკუპანტების მიერ თამაზ გინტურის მკვლელობას კობახიძე და კალაძე “წინა ხელისუფლების მემკვიდრეობას” უწოდებენ

რუსი ოკუპანტების მიერ საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქის, თამაზ გინტურის მკვლელობას მმართველი პარტიის ლიდერები “წინა ხელისუფლების მემკვიდრეობად” აფასებენ. “ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე და გენერალური მდივანი, კახა კალაძე გუშინ, 6 ნოემბერს მომხდარში “ნაციონალურ მოძრაობას” ადანაშაულებენ, რომელიც უკვე 11 წელია, აღარაა ხელისუფლებაში.

“ოკუპაციამ კიდევ ერთი ჩვენი მოქალაქის სიცოცხლე შეიწირა. რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია არის წინა ხელისუფლების მოღალატეობრივი პოლიტიკის ყველაზე მძიმე მემკვიდრეობა, რომელთან დაპირისპირებაც ყოველდღიურად გვიწევს. ვუსამძიმრებ თამაზ გინტურის ოჯახის წევრებს და ახლობლებს. დამნაშავის დასასჯელად ყველაფერი უნდა გაკეთდეს”, – წერს კობახიძე.

იგივე შინაარსის მესიჯს ავრცელებს დედაქალაქის მერი კახა კალაძეც.

“უმძიმესია ის დანაშაული, რაც კირბალთან, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოხდა. საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე შეიწირა ბოროტებამ, რასაც რუსული ოკუპაცია ჰქვია. მთელი გულით ვუსამძიმრებ გარდაცვლილის ოჯახის წევრებს, ვუსამძიმრებ მთელ საქართველოს ამ ტრაგედიას!

დაწყებულია აქტიური მუშაობა უკანონოდ დაკავებული საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქის გასათავისუფლებლად. საქართველოს ორი ისტორიული რეგიონის ოკუპაცია არის უმძიმესი მემკვიდრეობა, რომელიც წინა ხელისუფლებამ დაგვიტოვა და რომელმაც ჩვენი მოქალაქის სიცოცხლე შეიწირა.

მოვუწოდებთ ჩვენს დასავლელ პარტნიორებს, საერთაშორისო თანამეგობრობას, მოახდინონ სათანადო რეაგირება მომხდარ დანაშაულზე. საქართველო გამოიყენებს ყველა ბერკეტს, რათა დამნაშავემ აგოს პასუხი!”, – წერს კალაძე.

შემთხვევას გამოეხმაურნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი და პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილიც. ღარიბაშვილის განცხადებით მომხდარი ადასტურებს საოკუპაციო ხაზთან არსებულ “რთულ უსაფრთხოების გარემოს”. რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილს, მისი თქმით, ეს შემთხვევა კიდევ ერთხელ აჩვენებს “ერთმორწმუნე ძმების” სახეს.

“გირჩი – მეტი თავისუფლებისა” და “დროას” შეფასებით, ოკუპანტები სახელმწიფოს უმოქმედობამ წაახალისა.


კარბალელი თამაზ გინტური ოკუპანტებმა გუშინ, 6 ნოემბერს მოკლეს. გინტური თანასოფლელთან, ლევან დოთიაშვილთან ერთად ლომისის ეკლესიისკენ მიდიოდა, რა დროსაც რუსი სამხედროები დაესხნენ თავს. სახელმწიფო უსაფრთოხობეის სამსახურს ინფორმაციით, ოკუპანტებმა გინტური მოკლეს, დოთიაშვილი კი გაიტაცეს.

თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ დათიაშვილია დაჭრილი იყო, თუმცა მოგვიანებით, ერგნეთში ჩატარებულ შეხვედრაზე საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ იგი დაჭრილი არაა. ერგნეთში გამართულ შეხვედრაში მონაწილეობდნენ ქართული და ოსური მხარეები, რუსეთის საოკუპაციო რეჟიმისა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები.

მომხდარზე გამოძიება დაიწყო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომაც. უწყების ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 143-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

ამავე თემაზე:

მასალების გადაბეჭდვის წესი