ახალი ამბები

“სახელმწიფოს უმოქმედობამ წაახალისა რუსი ოკუპანტები” – “დროა” და გირჩი

6 ნოემბერი, 2023 • 1170
“სახელმწიფოს უმოქმედობამ წაახალისა რუსი ოკუპანტები” – “დროა” და გირჩი

სოფელ კირბალთან, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე, საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქე თამაზ გინტურიs მოკვლის ფაქტს პოლიტიკური პარტიები “დროა” და “გირჩი” ეხმაურებიან.

„დროა“ და „გირჩი-მეტი თავისუფლება“ სამძიმარს უცხადებენ მოკლულის ოჯახს და მთელ საქართველოს.

“ქართულ სახელმწიფოს ჰყავს ერთადერთი მტერი და ეს რუსეთია – ტერორისტული სახელმწიფო, რომელიც საკუთარ ტერიტორიაზე გვიკლავს მოქალაქეებს და ამისთვის პასუხს არ აგებს.

საქართველოს მოღალატე ხელისუფლება კი გვარწმუნებს, რომ რუსეთი პრობლემას არ წარმოადგენს და მათთან ურთიერთობების დათბობითა და გაღრმავებით არის დაკავებული მაშინ, როცა, საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები წლებია ყოველგვარი მხარდაჭერისა და თვალყურის გარეშე არიან მიტოვებული.

როცა, საოკუპაციო ხაზთან არ არსებობს სათვალთვალო-საკონტროლო საშუალებები და საპოლიციო პატრულირების ჯგუფები, რათა მოხდეს ამგვარი ფაქტებიs პრევენცია და აღკვეთა. რუსების ოფიციალური მოთხოვნის საფუძველზე, „ქართულმა ოცნებამ“ მოხსნა საპოლიციო დანაყოფები და საკონტროლო პუნქტები, რაც საშუალებას აძლევს ოკუპანტებს, დაუბრკოლებლად იძალადონ საქართველოს მოქალაქეებზე.

როცა გიგა ოთხოზორიასა და არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის შემდეგ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას არაფერი გაუკეთებია, რომ გაზრდილიყო საერთაშორისო წნეხი და რუსეთს ამ სასტიკი მკვლელობებისთვის პასუხი ეგო. როცა სულ რამდენიმე დღის წინ ზუსტად კირბალში ქართული დროშის აღმართვის შემდეგ ოკუპანტებმა ეკლესიის კარი აჭედეს. ამაზე პასუხად კი ხელისუფლებასთან დაახლოებულმა საპატრიარქოს პრესსპიკერმა ანდრია ჯაღმაიძემ თქვა, რომ პრობლემა ქართული დროშის აღმართვა და არა რუსულ ოკუპაციაა.

სწორედ, სახელმწიფოს უმოქმედობამ წაახალისა რუსი ოკუპანტები. ჩვენ არასდროს შევეგუებით რუსეთის ოკუპაციას და ყველა ოკუპანტი, რომელიც იტაცებს და კლავს საქართველოს მოქალაქეებს, უმკაცრესად აგებს პასუხს. მშვიდობა იქნება მხოლოდ მაშინ, როცა რუსეთის საოკუპაციო ჯარი დატოვებს საქართველოს ტერიტორიის ყველა გოჯს”, – ნათქვამია პარტიების ერთობლივ განცხადებაში.

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალთან, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ადგილობრივი მცხოვრებლის უკანონოდ დაკავების მცდელობისას რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ცეცხლსასროლი იარაღით სროლის შედეგად საქართველოს მოქალაქე დაიღუპა.

ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

უწყების განცხადებით, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ასევე უკანონოდ დააკავეს საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე.

“მიმდინარეობს აქტიური კომუნიკაცია საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტის გამოყენებით” – აცხადებენ სუს-ში.

ადგილობრივების ინფორმაციით, მოკლულია შუა ხნის კაცი თამაზ გინტური და გატაცებულია ლევან დოთიაშვილი. დაუდასტურებელი ინფორმაციით, ინციდენტი მოხდა კირბალთან მდებარე ლომისის ეკლესიასთან, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებზეა და რომელთან მიახლოების საშუალებასაც ოკუპანტები ადგილობრივებს არ აძლევენ. 2023 წლის ზაფხულში ოკუპანტებმა ეკლესიის კარიც აჭედეს, რაც შემდეგ ადგილობრივებმა ჩუმად მოხსნეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი