ახალი ამბები

დღგ-ს გადასახადი 200 ათასზე მეტი ბრუნვის შემთხევაში — გოცირიძის ინიციატივა

6 ნოემბერი, 2023 • 1136
დღგ-ს გადასახადი 200 ათასზე მეტი ბრუნვის შემთხევაში — გოცირიძის ინიციატივა

საქართველოს პარლამენტის წევრი რომან გოცირიძე საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შეტანის ინიციატივით გამოდის. საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფ „ევროპტიმისტების“ წევრი აცხადებს, რომ შესაბამისი კანონპროექტი საკანონმდებლო ორგანოში დღეს დაარეგისტრირა.

კერძოდ, გოცირიძის თქმით, კანონპროექტის მიხედვით, უნდა დაწესდეს შეღავათები ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის, რომლებიც დღგ-ს იხდიან. მისი თქმით, ნაცვლად 100 000 ლარის ბრუნვისა, დღგ-ის გადახდის ვალდებულება მათ უნდა ჰქონდეთ შემოსავლების 200 ათას ლარზე გადაჭარბების შემთხვევაში.

გოცირიძე აღნიშნავს, რომ აღნიშნული კანონპროექტით წარმოდგენილი ცვლილებები განპირობებულია იმ ფაქტით, რომ 2022 წელს ფასების დონე გაზრდილია 158%-ით 2004 წელთან შედარებით, როცა დღეს მოქმედი ნორმა შევიდა ძალაში:

„ეს იმას ნიშნავს, რომ 2004 წლის 100 ათასი ლარის მსყიდველობითუნარიანობა დღევანდელი 258 ათასი ლარის ტოლია. აქედან გამომდინარე, დამატებითი ღირებულების გადასახადით ძველი წესით დაბეგვრა მძიმე მდგომარეობაში აყენებს ათეულ ათასობით ფიზიკურ და იურიდიულ პირს, მოქმედებს ქვეყანაში მცირე ბიზნესის განვითარებაზე“, — ამბობს რომან გოცირიძე.

დეპუტატის თქმით, ცვლილების თანახმად, ეს ზღვარი ორჯერ გაიზრდება და პირი დაიბეგრება იმ შემთხვევაში, თუ მის მიერ 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი საქონლის/მომსახურების ოპერაციების ჯამური თანხა გადააჭარბებს 200 000 ლარს, ნაცვლად 100 000 ლარისა, როგორც ეს მოქმედი კანონის რედაქციაშია.

მასალების გადაბეჭდვის წესი