ახალი ამბები

ისრაელი ჰამასის ფორპოსტის აღებაზე იუწყება, მას ჰუმანიტარული პაუზისკენ მოუწოდებენ

6 ნოემბერი, 2023 • 2597
ისრაელი ჰამასის ფორპოსტის აღებაზე იუწყება, მას ჰუმანიტარული პაუზისკენ მოუწოდებენ

ისრაელის თავდაცვის ძალები (ცაჰალი) აცხადებს, რომ მისმა სახმელეთო ძალებმა „გასული ღამით კონტროლი დაამყარეს „ჰამასის“ ფორპოსტზე ღაზაში“ და „არაერთი ტერორისტი ლიკვიდირებულია“.

X-ზე (ყოფილი Twitter) გამოქვეყნებულ პოსტში ისრაელის თავდაცვის ძალები წერს, რომ ფორპოსტი აღჭურვილი იყო „სადამკვირვებლო პუნქტებით, ტერორისტული ოპერაციების საწვრთნელი ობიექტებით, ასევე, ტერორისტების გვირაბებით“.

IDF ასევე ამბობს, რომ ბოლო დღის განმავლობაში მისმა მოიერიშე თვითმფრინავებმა შეუტიეს „დაახლოებით 450 სამიზნეს, სამხედრო შენაერთებს, სადამკვირვებლო პუნქტებს, ტანკსაწინააღმდეგო პუნქტებს“ და სხვა.

მანამდე ისრაელმა განაცხადა, რომ ალყა შემოარტყა ქალაქ ღაზას და სექტორი გაყო ორ: ჩრდილოეთ და სამხრეთ ნაწილად.

ამასთანავე, გაეროს ყველა ძირითადი სააგენტოს ხელმძღვანელებმა გამოაქვეყნეს ერთობლივი განცხადება, რომელშიც „დაუყოვნებლივ ჰუმანიტარული ცეცხლის შეწყვეტისკენ“ მოუწოდებენ.

ორგანიზაციებმა, როგორიცაა UNICEF, WHO, მსოფლიო სასურსათო პროგრამა და სხვა, ხაზი გაუსვეს საშინელ დანაკარგებს ორივე მხარეს და მოითხოვეს „ჰამასის“ მიერ 7 წლის განმავლობაში აყვანილი მძევლების უპირობო გათავისუფლება.

„თუმცა, ღაზაში კიდევ უფრო მეტი მშვიდობიანი მოქალაქის საშინელი მკვლელობა აღმაშფოთებელია ისევე, როგორც 2.2 მილიონი პალესტინელის მოწყვეტა საკვების, წყლის, მედიკამენტების, ელექტროენერგიის და საწვავისგან“, — ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ UNRWA-ში — პალესტინელ ლტოლვილებზე ორიენტირებულ სააგენტოში — მომუშავე 88 ადამიანი დაიღუპა 7 ოქტომბრის შემდეგ. ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია, რაც გაეროს ერთ კონფლიქტში დაუკარგავს.

ღაზაში ჰუმანიტარულ პაუზას მხარი დაუჭირა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმაც, რომელიც ახლო აღმოსავლეთში ტურნეს მართავს.

ისრაელში იმყოფება CIA-ის დირექტორი უილიამ ბერნსი. მან მოუწოდა მეტი ინფორმაციის გაზიარებისა და მეტი ძალისხმევისკენ მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლის თავიდან ასაცილებლად.

BBC-ის თანახმად, კვირას ღამით ისრაელმა 7 ოქტომბრის მერე ყველაზე ინტენსიური საჰაერო იერიში მიიტანა ღაზის სექტორზე. ისრაელმა დაიწყო ღაზის დაბომბვა მას შემდეგ, რაც ტერორისტულმა ორგანიზაცია „ჰამასმა“ ისრაელში 1 400-ზე მეტი ადამიანი მოკლა და 200-ზე მეტი გაიტაცა.

„ჰამასის“ ჯანდაცვის სამინისტრო ღაზაში აცხადებს, რომ 7 ოქტომბრის შემდეგ 9700-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

მასალების გადაბეჭდვის წესი