ახალი ამბები

ჟირაფ ჟოზეს ინგლისურენოვანი ბავშვებიც გაიცნობენ

3 ნოემბერი, 2023 • 1987
ჟირაფ ჟოზეს ინგლისურენოვანი ბავშვებიც გაიცნობენ

თბილისის დროით 17:00 საათზე, ამერიკული იუთუბ-არხის საშუალებით, ქართული ანიმაციური სერიალის, “ჟირაფი ჟოზეს” პირველი სერიის პრემიერა შედგება ინგლისურენოვანი ბავშვებისთვის.

“ჯერ ზუსტად არ ვიცი, რას იზამს ჟოზე ამხელა აუდიტორიასთან. მაგრამ ქართველი ბავშვების სიყვარულმა ეს ქვეყანა რომ ვერ დაიტია და ოკეანის გაღმა გავიდა ყვითელი ბედნიერება – ეს ფაქტია”, – დაწერა ჟოზეს შემქმნელმა გიორგი მარშანიამ ფეისბუკის პირად გვერდზე.

“ჟირაფი ჟოზე” სკოლამდელი და დაწყებითი კლასების მოსწავლეებისთვის განკუთვნილი საგანმანათლებლო სერიალია.

სერიალის შემქმნელი ნეტგაზეთს უყვება, რომ ყველაფერი იმდენად მსუბუქად და ჰობის სახით დაიწყო, წელიც კი აღარ ახსოვს, როდის დაიბადა ზუსტად “ჟოზე”.

“2013 ან 2014 წელი იყო. მე და ჩემი მეგობარი სოფელ გლდანში, მასთან სახლში ვსხდებოდით და რაღაცებს ვაკეთებდით ჩვენთვის. ერთ-ერთი იყო ჟოზე. ბავშვთა გასართობ ცენტრში ვმუშაობდი მაშინ და ვხედავდი, რომ დათვლა, ფერები ბავშვებმა ინგლისურად იცოდნენ. მივხვდი, რომ ეს ცოდნა მულტფილმებიდან ჰქონდათ, თან მსგავსი რამ ქართულ ენაზე მათთვის არ არსებობდა. ინგლისურად თუ სწავლობდნენ ინგლისურენოვანი მულტფილმებიდან, ქართულადაც ისწავლიდნენ. ასე გავაკეთეთ ჟოზეს პირველი სიმღერა “მხიარული მათემატიკა” და პერსონაჟად ავირჩიეთ ჟირაფი. ძალიან ბევრი ცხოველია ანიმაციებში, მაგრამ ჟირაფი, ჟოზეს გარდა, შეიძლება არც გაგახსენდეთ. თან ჩვენი ქვეყნისთვისაც ეგზოტიკურია. ყველაფერს ინტუიციურად და ინსტინქტის დონეზე ვაკეთებდით”, – გვეუბნება გიორგი მარშანია.

ეს პირველი სერია მალევე ძალიან პოპულარული გახდა და, როგორც პროექტის ავტორი გვეუბნება, პირველივე წელს დააგროვა 6 მილიონი ნახვა, რაც იმ დროისთვის ძალიან ბევრი და წარმოუდგენელი იყო. 

“მერე მეორე სერია გავაკეთეთ, მესამე და მივხვდი, რომ ამისთვის საქმიანი სახე უნდა მიმეცა”, – იხსენებს გიორგი მარშანია.

2017 წელს სამსახურიდან წამოვიდა და ირაკლი ნადირაძესთან ერთად “სტუდია ველოსიპედი” დააფუძნა. გიორგის ახალგაცნობილმა მეგობარმა, რომელსაც თავადაც უნდოდა ანიმაციაზე მუშაობა, სწავლისთვის გადადებული 2500 ლარის სახით პირველი ინვესტიცია ჩადო და ასე დაიწყო პროცესი, რომელიც ამერიკულ პრემიერამდე მოვიდა.

გიორგის თქმით, სერიალის პირველი სეზონი უკვე თარგმნილია და სერიები პერიოდულად განთავსდება ჟოზეს ამერიკულ იუთუბ არხზე. პროექტის შემქმნელებს დაწყებული აქვთ მუშაობა, რომ პირველი ორი სეზონის შემდეგ ჟოზე ამერიკულ ტელევიზიაშიც მოხვდეს და სათამაშოების სახითაც გამოუშვან. 

“ჟოზე ქართული კულტურის ნაწილია. ჩვენ ქართულ პროდუქტს ვაკეთებთ და ამ ქართული პროდუქტის გატანა გვინდა ამერიკაში. ყველაფერი იგივე დარჩება. ჟოზეს ჩოხაში ამერიკელი და სხვა ინგლისურენოვანი ბავშვებიც ნახავენ, ჩიჩილაკსაც და ა.შ. გლობალიზაციის მთელი ხიბლიც ეს არის და არავითარი საჭიროება არ არსებობს, რომ რამე გადავაკეთოთ. მულტფილმი კი არაა უნივერსალური, ბავშვები თავად არიან უნივერსალურები. საგანმანათლებლო თემებიც საერთოა, გართობა და მეგობარი რომ სჭირდება ბავშვს, ესეც დედამიწის ყველა კუთხეში საერთოა”, – ამბობს გიორგი მარშანია.

“ჟირაფი ჟოზეს” ქართულ იუთუბ არხს, დღეის მონაცემებით, 437 587 290 ნახვა აქვს.

მასალების გადაბეჭდვის წესი