აფიშაახალი ამბებიხელოვნება

ჰაინერ მიულერის „მისია“ „ჰარაკიში“

11 ნოემბერი, 2022 • 1982
ჰაინერ მიულერის „მისია“ „ჰარაკიში“

19, 21 და 24 ნოემბერს თეატრალურ კომპანიაში — „ჰარაკი“ —  გაიმართება პრემიერა ჰაინერ მიულერის პიესისა „ბერსერკები I: მისია“.

ეს სიახლე შეიძლებოდა აქვე, ძალიან მოკლედ და შაბლონურად დასრულებულიყო. დაწერილიყო სპექტაკლის დასახელება, რეჟისორი, პრემიერის რიცხვები და მსახიობები. თუცმა ძალიან მარტივი მიზეზის გამო, ამ შემთხვევაში, გრძელი სიტყვა მოკლედ ვერ ითქმის. 

მარტივი მიზეზი – ქართულ თეატრალურ აფიშაზე ჰაინერ მიულერის სახელის დანახვაა, რაც ერთდროულად ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან იშვიათი მოვლენაა ქართულ თეატრალურ სივრცეში. მსოფლიო დრამის ისტორიისთვის საკვანძო ავტორი ქართულ თეატრალურ სივრცეში დაგვიანებული აღმოჩენის პროცესშია. ჰაინერ მიულერის ტექსტი მხოლოდ მესამედ იდგმება ქართულ სცენაზე, მრავალ ენაზე თარგმნილი პოსტდრამატული თეატრის ერთ-ერთი მთავარი პიესა „მისია” კი — პირველად. არაფრის მთქმელი პრემიერების და ტექსტების პარალელურად, რომელსაც რამდენიმე თეატრის გამოკლებით დაუსრულებლად უბრუნდება ქართული თეატრის რეპერტუარი, „ჰარაკიში“ გამოცხადებული პრემიერა იძენს კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას. განურჩევლად იმისა, წარმატებით ჩაივლის თუ არა თეატრალური კომპანიის მიერ დასახული მისია, სპექტაკლზე მისვლა/არმისვლის საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ არ უნდა დადგეს.

თეატრალური კომპანია „ჰარაკი“ დაარსდა 2019 წელს. თანამოაზრეების მიერ შექმნილი კომპანიის მთავარი მიზანი არის ქართულ თეატრალურ სივრცეში ახალი, მნიშვნელოვანი პროცესების დაწყება, კვლევა და განვითარება.  თვითგამორკვევისა და კვლევის პროცესში მყოფი „ჰარაკისათვის“ რიგით მეოთხე პრემიერა  მნიშვნელოვანი გაჩერებაა ძიების გზაზე.

ჰაინერ მიულერის პიესა „მისია“,  ქვესათაურით — „მეხსიერება რევოლუციაზე” — მოგვითხრობს საფრანგეთის რევოლოციური მთავრობის მიერ იამაიკაში გაგზავნილ სამ ემისარზე. მათი მისიაა მონათა ამბოხების გაღვივება ინგლისელი კოლონიზატორების წინააღმდეგ. მისიაში მყოფი ემისრებისთვის სამშობლოში განვითარებული პოლიტიკური ცვლილებები უცვლის სახეს და ეჭვქვეშ აყენებს მისიის მიზანს.  ავტორისთვის დამახასიათებელი ხელწერით — ნარატიული ჩანართებით, სიუჟეტის გაბუნდოვანებითა და ინტერტექსტუალური კავშირებით პოსტდრამატული ტექსტი აჩენს მრავალი ინტერპრეტაციის შესაძლებლობას. ეს კი კიდევ უფრო დიდ ინტერესს აღძრავს  ტექსტის მთარგმნელისა და სპექტაკლის რეჟისორის, გიორგი ჯამბურიას  მიერ „ჰარაკიში“ დადგმული სპექტაკლისადმი, მით უფრო, რომ წარმოდგენის სახელწოდება ტექსტის მიულერისეული სათაურისგან განსხვავდება.

სპექტაკლში მონაწილეობენ მსახიობები: მათე ხიდეშელი, ნინი იაშვილი, სოფიკო გვიმრაძე, ბექა ხაჩიძე, გიორგი რაზმაძე, ანანო მახარაძე.

სცენოგრაფია და კოსტუმები ეკუთვნის თამარა მაღლაფერიძეს, სპექტაკლის მუსიკალური ხელმძღვანელი კი არის ზურაბ ბაბუნაშვილი.

ფოტო გარეკანზე: გიორგი ყოლბაია
ილუსტრაცია: ნინი ბუკია

მასალების გადაბეჭდვის წესი