აფიშაახალი ამბებიხელოვნება

„ბუნკერი” — პრემიერა ვასო აბაშიძის სახელობის ახალ თეატრში

25 ნოემბერი, 2022 • 3693
„ბუნკერი” —  პრემიერა ვასო აბაშიძის სახელობის ახალ თეატრში

25, 26, 27 ნოემბერსა და 8, 9 დეკემბერს ვასო აბაშიძის სახელობის ახალ თეატრში გაიმართება პრემიერა სპექტაკლისა „ბუნკერი“.

„წინანდლის“, „საბას“ და „ევროკავშირის” ლიტერატურული პრემიების მოპოვების შემდეგ ივა ფეზუაშვილის ტექსტმა გადაინაცვლა მიხეილ ჩარკვიანის ხელში. „ბუნკერი“ არის თანამედროვე ქართულ ლიტერატურაში ბოლო წლებში შექმნილ ტექსტთაგან გამორჩეული ნაწარმოები. პირველ ყოვლისა, მისი სრულიად თვითმყოფადი ხმისა და ხელწერის გამო. ტექსტის დროითი სტრუქტურა თანხვედრაში მოდის დრამატულ მახასიათებლებთან – მოქმედება არასრული დღე-ღამის განმავლობაში ვითარდება, თუმცა ტექსტი სრულად თხრობითია. როგორც უკვე აღინიშნა, მისი მთავარი ხიბლია ავტორის განსაკუთრებული, თვითმყოფადი ხმა. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, უფრო დიდ ინტერესს აღძრავს ახალ თეატრში გამოცხადებული პრემიერა – ტექსტის რეჟისორის მიერ განხორციელებული ინტერპრეტაცია და ტექსტის სცენური ვერსია.

ქართული პროზაული ტექსტის სცენაზე ატანა საგულისხმო მოვლენაა კვლავწარმოებით შედგენილი ქართული თეატრალური სივრცის რეპერტუარისთვისაც – მით უფრო, რომ ცხადია, „ბუნკერი“ არ არის მიხეილ ჩარკვიანის მიერ შემთხვევით არჩეული ტექსტი. წარსულის გადააზრების გარეშე დავიწყების მცდელობით ნასაზრდოები ქართული საზოგადოებისთვის ბუნკერი უნდა აღმოჩნდეს წარსულთან მიბრუნების, მასზე ლაპარაკის დაწყების და გადააზრების მცდელობა. ბუნკერი ხომ ჩვენი ქვეყნის  მთავარი კულტურული კოდია, რომლის დავიწყებაც, ერთი შეხედვით, წარმატებით შეძლო ქართულმა საზოგადოებამ. თუმცა, რატომ არის მისი დავიწყება შეუძლებელი, კულტურული კოდების გაუაზრებლად დავიწყების მცდელობა კი გარდაუვალად განწირული, ამას გაიგებთ ვასო აბაშიძის ახალი თეატრის სცენიდან.

სპექტაკლში მონაწილეობენ მსახიობები: დავით ბეშიტაიშვილი, ბუბა გოგორიშვილი, ანასტასია ჭანტურაია, გივიკო ბარათაშვილი, გიგა დათიაშვილი, ალექსანდრე ბეგალიშვილი, გიგი ქარსელაძე და დევი ბიბილეიშვილი.

სპექტაკლში ცოცხლად სრულდება ოლივიე მესიანის ნაწარმოებები.

პიანისტი – თამარ ჟვანია. კოსტუმების მხატვარი – ანანო მოსიძე.

მუსიკის საორკესტრო ვერსია ეკუთვნის  ნიკოლოზ რაჭველს.

ბილეთების შეძენა შეგიძლიათ აქ.

ფოტო გარეკანზე – ბექა ცირეკიძე

მასალების გადაბეჭდვის წესი