ახალი ამბები

შსს-მ წითელი ცირკულარით მძიმე დანაშაულებისთვის ძებნილი აშშ-ის მოქალაქე დააკავა

3 ნოემბერი, 2023 • 1670
შსს-მ წითელი ცირკულარით მძიმე დანაშაულებისთვის ძებნილი აშშ-ის მოქალაქე დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით მძიმე დანაშაულებისთვის ძებნილი აშშ-ის მოქალაქე დააკავა.

შსს-ს ცნობით, დაკავების ორდერი მოიცავს 4 ბრალდებას ტეხასის შტატიდან: არასრულწლოვანი ბავშვის უწყვეტი სექსუალური შევიწროება, დამამძიმებელ გარემოებებში არასრულწლოვან ბავშვებზე (14 წელს ქვემოთ) სექსუალური ძალადობა, ოჯახის წევრზე თავდასხმა სასუნთქი გზების დახშობით (გაგუდვის მცდელობით) და დამამძიმებელ გარემოებებში სიცოცხლისთვის საშიში იარაღით თავდასხმა.

უწყების ინფორმაციით, დაკავების ორდერში ასევე შედის ლუიზიანის შტატის შვიდი ბრალდება: ყალბი საჯარო ჩანაწერების წარდგენის, თაღლითური გზით დოკუმენტების გაყალბებისა და ორი ქურდობის ბრალდება 5000$-დან 25000$-მდე.

მათივე ცნობით, ბრალდებული საქართველოში 2023 წლის აპრილის თვეში შემოვიდა და საქართველოს საზღვარი გადმოკვეთა, ჯერ კიდევ მაშინ, სანამ მასზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდებოდა.

მათივე ინფორმაციით, 2023 წლის 27 ივნისიდან ინტერპოლის გენერალური სამდივნოს მიერ ბრალდებულზე საერთაშორისო ძებნა წითელი ცირკულარით გამოცხადდა და საქართველო, როგორც ინტერპოლის წევრი ქვეყანა, აქტიურად ჩაერთო სამძებრო ოპერაციაში.

„პოლიციის მიერ ინტენსიურ რეჟიმში ჩატარდა ყველა საჭირო ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებები. ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებისა და აშშ-ის საელჩოს დიპლომატიური უსაფრთხოების სამსახურის – რეგიონალური უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლების მჭიდრო ურთიერთთანამშრომლობის შედეგად, მოხდა დამნაშავე პირის ადგილსამყოფლის დადგენა და მისი დაკავება.

ამ დროისთვის დაკავებული გადაყვანილია პენიტენციურ დაწესებულებაში და მის მიმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს“, – აცხადებენ შსს-ში.

მასალების გადაბეჭდვის წესი