მომდევნო მოწვევის პარლამენტის წევრებისა და აპარატის თანამშრომლებისთვის ხელფასები იზრდება. ამასთან დაკავშირებით პარლამენტის რეგლამენტში შესატანი ცვლილებები პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა მოამზადა.
კერძოდ, 2025 წლის პირველი იანვრიდან პარლამენტის წევრებს ხელფასები (საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით) იქნება:
- პარლამენტის თავმჯდომარეს 6 740 ლარიდან 10 000 ლარამდე გაეზრდება;
- პარლამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს 6 400 ლარიდან 9 500 ლარამდე გაეზრდება;
- პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეს 6 340 ლარიდან 9 250 ლარამდე გაეზრდება;
- კომიტეტის თავმჯდომარეს, ფრაქციის თავმჯდომარეს 5 540 ლარიდან 9 000 ლარამდე გაეზრდება;
- კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს, ფრაქციის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს 4 800 ლარიდან 8 750 ლარამდე გაეზრდება;
- კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს, ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილეს 4 740 ლარიდან 8 500 ლარამდე გაეზრდება;
- პარლამენტის წევრს, რომელიც არ არის პარლამენტის თანამდებობის პირი, 4 624 ლარიდან 8 250 ლარამდე გაეზრდება.
პაპუაშვილის თქმით, ცვლილებების მიზანია მომდევნო მოწვევის პარლამენტის წევრების გასამრჯელოს საჯარო სამსახურში 2017 წელს დადგენილ კოეფიციენტებთან შესაბამისობაში მოყვანა.
მისი თქმით, საჯარო სამსახურში ხელფასების მატების ფონზე პარლამენტის წევრების გასამრჯელოს ადეკვატურად გაზრდის საკითხი უკვე დიდი ხანია დღის წესრიგში დგას.
როგორც პაპუაშვილი ამბობს, პარლამენტის წევრების ფაქტობრივი ანაზღაურება 2013 წლის შემდეგ არ შეცვლილა, რის გამოც საჯარო სექტორში დასაქმებულებთან, მათ შორის, პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული უწყებების ხელმძღვანელ თანამდებობის პირებთან შედარებით, პარლამენტის წევრის ანაზღაურება არაპროპორციულად დაბალია.