„მიუხედავად ყველაფრისა მოგვეცით სტატუსი, ნიშნავს, არ მოგვცეთ სტატუსი“, — ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ევროკომისიისადმი ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების მოწოდებას.
არასამთავრობოებმა ევროკომისიას მიმართეს, „საქართველოში არსებული პრობლემების მიუხედავად და 12 პრიორიტეტის შესრულების ობიექტური შეფასების პარალელურად“, მაინც გასცეს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია.
კობახიძის თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციების მოწოდებას „ფასი არ აქვს“.
„შედარება იყო მოყვანილი [ჯოზეფ ბორელის მიერ] გამოცდასთან დაკავშირებით, როდესაც მიდიხარ ვიღაცასთან და ეუბნები, ჩემი ბავშვი მომზადებული არ არის, მაგრამ დაუწერე ნიშანი, სინამდვილეში, ეს არის მოწოდება, რომ შენს ბავშვს ნიშანი არ დაუწერონ.
NGO-ებს ან ისეთი წარმოდგენა აქვთ ევროკავშირზე, რომ ეს არის ახალი საბჭოთა კავშირი, ან სინამდვილეში ისინი ლობირებენ კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ. სხვას არაფერს არ ნიშნავს ეს გზავნილი. ყველაფრის მიუხედავად მოგვეცით სტატუსი, ეს ნიშნავს იმას, რომ მათ არ უნდათ, სტატუსი მოგვენიჭოს. კიდევ ერთი მტკიცებულებაა, რომ ისინი ლობირებენ კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ, ამიტომ მათ განცხადებას ჩვენთვის ფასი არ აქვს“, — განაცხადა კობახიძემ.
ორასამდე ქართული არასამთავრობო ორგანიზაცია მოუწოდებს ევროკომისიას, „საქართველოში არსებული პრობლემების მიუხედავად და 12 პრიორიტეტის შესრულების ობიექტური შეფასების პარალელურად“, მაინც გასცეს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია.
როგორც მათ საერთო განცხადებაშია აღნიშნული, საქართველოს მოქალაქეთა უდიდესი ნაწილის „ურყევი არჩევანი და სასიცოცხლო ინტერესია, საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა“.
მათივე თქმით, დღეს კარგად ჩანს [სტატუსის მისაღებად შესასრულებელი] 12 რეკომენდაციის შესრულების სირთულეები, „მაგრამ, ამავე დროს, ევროპული არჩევანი საზოგადოების მთავარ მისწრაფებად რჩება, რაც მოქალაქეებს ქმედითი სოლიდარობით აერთიანებს.





