ახალი ამბები

“ქვეცნობიერია თუ ენატრებათ რამე?” – მორიგი სექსისტური განცხადება პარლამენტში

1 ნოემბერი, 2023 • 2003
“ქვეცნობიერია თუ ენატრებათ რამე?” – მორიგი სექსისტური განცხადება პარლამენტში

„ქართული ოცნების“ წევრი ბექა ოდიშარია აცხადებს, რომ ირაკლი ბერაია, რომელმაც დეპუტატ თეონა აქუბარდიას მიმართ სექსისტური და ღირსების შემლახავი განცხადება გააკეთა, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობიდან არ უნდა გადადგეს.

გუშინ, 31 ოქტომბერს ქართული ოცნების დეპუტატებმა ალუდა ღუდუშაურმა და ირაკლი ბერაიამ სექსისტური, შეურაცხმყოფელი და ღირსების შემლახავი ფრაზებით მოიხსენიეს ოპოზიციონერი ქალი დეპუტატები, ანი წითლიძე და თეონა აქუბარდია.

თანაგუნდელების გუშინდელ განცხადებებზე საუბრისას ბექა ოდიშარიამ პარლამენტში კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის მოსმენა გაიხსენა, როცა ოპოზიციონერმა დეპუტატებმა — თინა ბოკუჩავამ, სალომე სამადაშვილმა, ხათუნა სამნიძემ და თამარ კორძაიამ — კულტურის მინისტრ თეა წულუკიანს ტრიბუნასთან „ქართული ოცნების“ ლოგოიანი ბანერი გაუშალეს, წარწერით: „Русский военный корабль, иди на хуй“.

„ ჩვენი კოლეგისგან იყო ცდა, რომ დაეწია ტემპერატურა და სინანული გამოეთქვა, მაგრამ დღეს რაც [თქვეს ქალმა დეპუტატებმა] მაგ სიტყვას ვერ გავიმეორებ… მაგალითად, თეა წულუკიანთან დაკავშირებით, მე არ ვიცი, როგორ შეიძლება ქალმა [დაიჭიროს ეს ბანერი], რამე ქვეცნობიერია თუ ენატრებათ რამე? აი, ეს „რუსკი კარაბლთან“ დაკავშირებული ლოზუნგი მე და შალვა პაპუაშვილს მაშინ გვეკეთა, როცა ირპენსა და ბუჩაში ვიყავით…. აი, სამი ქალი რომ გამოიტანს და ქალ მინისტრს რომ ამას გამოუფენს… თუ იქ რა წერია [მნიშვნელობა არ აქვს]? ეს საპირწონე არ არის, მორალისტობას თავი დაანებონ“, – განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

კითხვაზე, უნდა გადადგეს თუ არა თანამდებობიდან ბერაია, ის ამბობს:

„არავითარ შემთხვევაში. აი, ის პლაკატი ვინც გამოიტანა, რომელსაც ფალოსის სახელი ეწერა რუსულად, ჯერ ისინი გადადგნენ თანამდებობიდან“, – განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

მასალების გადაბეჭდვის წესი