ახალი ამბები

პუტინთან ერთად ფორუმზე დასწრების გამო „ევროოპტიმისტები“ დავითაშვილს პარლამენტში იბარებენ

31 ოქტომბერი, 2023 • 2342
პუტინთან ერთად ფორუმზე დასწრების გამო „ევროოპტიმისტები“ დავითაშვილს პარლამენტში იბარებენ

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „ევროოპტიმისტები“ ვიცე-პრემიერ ლევან დავითაშვილს იბარებენ დარგობრივი ეკონომიკის პოლიტიკის სხდომაზე. დავითაშვილის დაბარები მიზეზი ჩინეთში გამართულ ფორუმზე ვლადიმერ პუტინთან ერთად დასწრებაა.

„ევროოპტიმისტების“ წევრის, ხატია დეკაონიძის განცხადებით, მაშინ, როცა ოკუპანტი ქვეყნის, ჰააგის მიერ დამნაშავედ გამოცხადებულ ადამიანს დარბაზში უსმენს საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეს ქვეყნის საგარეო პოლიტიკაში უდიდესი ცვლილებაა.

„მაშინ, როცა ყველა ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორმა, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებმა უარი თქვეს ასეთ ფორუმებზე დასწრებაზე, სწორედ იმიტომ, რომ ვლადიმერ პუტინი ესწრებოდა მას და ჩინეთის მენეჯმენტი, მათ შორის, სინ ძინ პინის მეთაურობით ფორუმზე საუბრობდნენ იმ პროექტებზე, რომელსაც არაფერი საერთო არ აქვს ჩვენს დასავლელ პარტნიორებს, საქართველოს დელეგაციის დასწრება ვიცე-პრემიერის შემადგენლობით არის ძალიან მძიმე.

რუსულ და ჩინურ მედიაში 17-18 ოქტომბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამ ფორუმში პუტინის მონაწილეობა იყო დადასტურებული. საქართველოს დელეგაციამ, ვიცე- პრემიერის ხელმძღვანელობით როცა ჩინეთში ჩავიდა, იცოდა, რომ პუტინი გამოვიდოდა სიტყვით და იმ დარბაზიდან არც ადგა და არც გამოვიდა ლევან დავითაშვილი, როცა პუტინი გამოდიოდა სიტყვით. ვიცე- პრემიერი არის ადამიანი, რომელიც უნდა იყოს პასუხისმგებელი საქართველოს პოლიტიკის, უსაფრთხოების და ეკონომიკური პოლიტიკის გატარებაზე და ამ ადამიანმა იცოდა, რომ პუტინი გამოვიდოდა ამ ფორუმზე. 15 ოქტომბერს უკვე “როიტერსმაც” კი გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ პუტინი დაესწრებოდა ფორუმზე.

სად ასახა დავითაშვილმა ხალხის ინტერესი, როცა ჩინეთში ჩავიდა და პუტინის გამოსვლას დაესწრო აბრეშუმის გზის ეკონომიკური სარტყლის ფორუმზე, რომელსაც საერთო არაფერი აქვს იმ პროექტებთან, რომელიც საქართველოში ხორციელდება, კერძოდ, აბრეშუმის გზის სტრატეგიულ პროექტებთან, და არაფერი საერთო არ აქვს დასავლურ პროექტებთან. ქვეყნები, რომლებიც ესწრებიან ამ ფორუმს, არიან: თავისთავად ჩინეთი, რუსეთი, კამბოჯა, ჩილე, კონგო, ეგვიპტე, ეთიოპია, უნგრეთი და ის იყო ერთადერთი ევროკავშირის ქვეყნებიდან ამ ფორუმზე“,- განაცხადა დეკანოიძემ.


18 ოქტომბერს ჩინეთში „სარტყელი და გზის“ ფორუმის ფარგლებში გამართულ ბანკეტს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან ერთად საქართველოს ვიცე-პრემიერი ლევან დავითაშვილიც ესწრებოდა. ამის შესახებაც ინფორმაცია ქართულ მედიაში თავდაპირველად „ტაბულამ“ 27 ოქტომბერს გაავრცელა.

ბანკეტის ვიდეოკადრებში ჩანს, როგორ უსმენენ ჩინეთის პრეზიდენტის, სი ძინპინის სიტყვით გამოსვლას მაგიდების გარშემო მსხდომი სტუმრები, რომელთა შორის ვლადიმირ პუტინი და ლევან დავითაშვილიც არიან.

ამასთან, ფორუმიდან გავრცელებულ ვიდეოკადრებში, რომელიც დაბალი გარჩევადობისაა, ჩანს, რომ ვლადიმერ პუტინის გამოსვლას, სავარაუდოდ, ლევან დავითაშვილი ჩინეთში საქართველოს ელჩთან,  არჩილ კალანდიასთან ერთად უსმენდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი