ახალი ამბები

დავითაშვილმა არ უპასუხა კითხვებს ჩინეთში გამართულ ბანკეტზე, რომელსაც პუტინთან ერთად ესწრებოდა

28 ოქტომბერი, 2023 • 2766
დავითაშვილმა არ უპასუხა კითხვებს ჩინეთში გამართულ ბანკეტზე, რომელსაც პუტინთან ერთად ესწრებოდა

ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა არ უპასუხა კითხვებს ჩინეთში გამართულ ბანკეტზე, რომელსაც რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან ერთად ესწრებოდა.

საუბარია 18 ოქტომბერს ჩინეთში „სარტყელი და გზის“ ფორუმის ფარგლებში გამართულ ბანკეტზე, რომლის შესახებაც ინფორმაცია ქართულ მედიაში თავდაპირველად „ტაბულამ“ 27 ოქტომბერს გაავრცელა.

ბანკეტის ვიდეოკადრებში ჩანს, როგორ უსმენენ ჩინეთის პრეზიდენტის, სი სი ძინპინის სიტყვით გამოსვლას მაგიდების გარშემო მსხდომი სტუმრები, რომელთა შორის, ვლადიმირ პუტინი და ლევან დავითაშვილიც არიან.

ამასთან, ფორუმიდან გავრცელებულ ვიდეოკადრებში, რომელიც დაბალი გარჩევადობისაა, ჩანს, რომ ვლადიმერ პუტინის გამოსვლას, სავარაუდოდ, ლევან დავითაშვილი ჩინეთში საქართველოს ელჩთან,  არჩილ კალანდიასთან ერთად უსმენდა.

თავადა ლევან დავითაშვილმა დღეს, 28 ოქტომბერს, არ უპასუხა „მთავარი არხის“ კითხვას, შეექმნა თუ არა უხერხულობა ვლადიმერ პუტინთან ერთად ღონისძიებაზე დასწრებისას.

თუმცა, დავითაშვილისა და პუტინის ერთ ღონისძიებაზე დასწრებასთან დაკავშირებით მედიასთან კომენტარის გაკეთება მოუწია ინფრასტრუქტურის მინისტრ ირაკლი ქარსელაძეს, რომლის თქმითაც,  „კონფერენციებს ახასიათებს, რომ მას ესწრებიან სხვადასხვა ქვეყნების წარმომადგენლები.“

ჟურნალისტის კითხვაზე არის თუ არა დისკმოფორტი, როცა [კონფერენციას] ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენელიც ესწრება, ირაკლი ქარსელაძემ ასე უპასუხა:

„დისკომფორტი არის როდესაც ჩვენი ტერიტორიების 20% არის ოკუპირებული, დისკომფორტი და უფრო მეტიც არის. იმისთვის ვშრომობთ, იმისთვის ვაკეთებთ ყველაფერს, რომ ქვეყანა გაძლიერდეს და მშვიდობიანად დაიბრუნოს ეს ოკუპირებული ტერიტორიები“, –  განაცხადა ქარსელაძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი