ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სუს-ის ცნობით, რუსმა სამხედროებმა საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დააკავეს

31 ოქტომბერი, 2023 • 1316
სუს-ის ცნობით, რუსმა სამხედროებმა საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დააკავეს

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ოკუპირებულ სოფელ სინაგურის მიმდებარედ უკანონოდ დააკავეს საქართველოს მოქალაქე.

აღნიშნული ინციდენტის შესახებ, როგორც უწყებაში აცხადებენ, ინფორმაციის მიღებისთანავე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ოპერირებული „ცხელი ხაზი“.

“ინფორმაცია უკანონო დაკავების მორიგი ფაქტის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებსა და საერთაშორისო პარტნიორებს. ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქის უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად. საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ისევე როგორც საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ჩადენილ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას”,- ნათქვამია სუს-ის ინფორმაციაში.

ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით საქართველოს მოქალაქეების დაკავება რუსი სამხედროების მიერ პერიოდულად ხდება. როგორც წესი, მათ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ცხელი ხაზის ამოქმედებისა და ჯარიმის გადახდის შემდეგ ათავისუფლებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი