ახალი ამბები

ილია მეორემ ვანო ჩხარტიშვილი დააჯილდოვა

30 ოქტომბერი, 2023 • 2230
ილია მეორემ ვანო ჩხარტიშვილი დააჯილდოვა

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი 60 წლის იუბილესთან დაკავშირებით საპატრიარქოს სპეციალური სიგელით დააჯილდოვა „ქართული საეკლესიო გალობისა და ხალხური სიმღერის პოპულარიზაციაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის“.

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, ვანო ჩხარტიშვილის ოჯახი ათეული წლებია საპატრიარქოსთან  თანამშრომლობს და „მხარს უჭერს მას ქართული იდენტობისა და კულტურული საგანძურების გადარჩენა-განვითარების საქმეში“. ერთ-ერთი ასეთ ერთობლივ პროექტად საპატრიარქო ქართული მრავალხმიანობის მემკვიდრეობითობის შენარჩუნებას ასახელებს.

საპატრიარქოს ცნობით, 2006 წელს ბიზნესმენის ინიციატივით დაფუძნდა „ქართული საგალობლისა და სიმღერის საერთაშორისო ცენტრი“, 2006 წლის სექტემბრიდან აბიტურიენტების პირველი ნაკადი მიიღო საეკლესიო გალობისა და ხალხური სიმღერის თბილისის უმაღლესმა სასწავლებელმა. სასწავლებელი ამჟამად ფუნქციონირებს, როგორც გიორგი მთაწმინდელის სახელობის საეკლესიო გალობის უნივერსიტეტი. 2012 წელს კი დაფუძნდა ფონდი „ქართული გალობა“, რომელსაც ვანო ჩხარტიშვილის მეუღლე ნანა გოთუა ხელმძღვანელობს.

საპატრიარქო წერს, რომ ვანო ჩხარტიშვილის დაფუძნებულია აგრეთვე ფონდი „აი ია“, რომელიც სმენადაქვეითებული ბავშვების რეაბილიტაციით არის დაკავებული.

მასალების გადაბეჭდვის წესი