ახალი ამბები

EU: გავაგრძელებთ უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს რეფორმების ძალისხმევას

27 ოქტომბერი, 2023 • 1799
EU: გავაგრძელებთ უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს რეფორმების ძალისხმევას

„ევროკავშირი გააგრძელებს მჭიდრო თანამშრომლობას უკრაინასთან, მოლდოვასა და საქართველოსთან და მხარს დაუჭერს რეფორმების ძალისხმევას მათ ევროპულ გზაზე“, — ნათქვამია ევროპული საბჭოს სამიტის შემაჯამებელ დასკვნაში.

ევროპული საბჭოს სამიტი ბრიუსელში 26-27 ოქტომბერს გაიმართა. სამიტზე განსახილველ თემებს შორის იყო ახლო აღმოსავლეთი, უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელება, მიგრაცია, საგარეო ურთიერთობები, ევროკავშირის ფინანსური ჩარჩო 2021-2027 წლებისთვის.

ევროპული საბჭო ყოველ სხდომას აჯამებს დასკვნების მიღებით, რომელშიც იდენტიფიცირებულია განხილული საკითხები, გასატარებელი ქმედებები თუ მიზნები.

26-27 ოქტომბრის სამიტის დასკვნაში ნათქვამია, რომ ევროკავშირი გააგრძელებს უკრაინის ძლიერ ფინანსურ, ეკონომიკურ, ჰუმანიტარულ, სამხედრო და დიპლომატიურ მხარდაჭერას, რამდენ ხანსაც დასჭირდება.

რუსეთის გაყინული აქტივების საკითხზე ევროკავშირის ლიდერებმა განაცხადეს, რომ საჭიროა გადამწყვეტი პროგრესი პარტნიორებთან კოორდინაციით იმის თაობაზე, თუ როგორ შეიძლება კერძო სუბიექტების გაყინული რუსული აქტივებისგან მიღებული შემოსავლის მიმართვა უკრაინის აღდგენასა და რეკონსტრუქციაზე. ევროპული საბჭო კომისიას ამ საკითხზე წინადადებების წარდგენის დაჩქარებისკენ მოუწოდებს.

ევროპული საბჭოს თანახმად, რუსეთის აგრესიული ომის წარმოების უნარი კიდევ უფრო უნდა შესუსტდეს, მათ შორის სანქციების გაძლიერებით და მათი გვერდის ავლის პრევენციით.

მოლდოვასთან დაკავშირებით ევროკავშირი დამატებით აცხადებს, რომ გააგრძელებს კიშინიოვის მხარდაჭერას იმ პრობლემებთან გასამკლავებლად, რომლის წინაშეც დადგა ქვეყანა უკრაინაში რუსეთის ომის შედეგად.

ახლო აღმოსავლეთის კრიზისზე ევროპული საბჭო ხაზს უსვამს ისრაელის უფლებას, დაიცვას საკუთარი თავი საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის შესაბამისად. მოუწოდებს „ჰამასს“ მძევლების ყოველგვარი წინაპირობის გარეშე გათავისუფლებისკენ. ევროპული საბჭო ადასტურებს ყველა მშვიდობიანი მოქალაქის დაცვის უზრუნველყოფის მნიშვნელობას და წუხს სამოქალაქო პირების მსხვერპლის გამო.

ევროპის საბჭო გამოხატავს სერიოზულ შეშფოთებას ჰუმანიტარული მდგომარეობის გაუარესების გამო ღაზაში და მოუწოდებს ჰუმანიტარული დერეფნების უსაფრთხოებისკენ.

ევროკავშირი მზად არის წვლილი შეიტანოს პოლიტიკური პროცესის ხელშეწყობაში ორი სახელმწიფოს გადაწყვეტის შესაბამისად და მხარს უჭერს უახლოეს მომავალში საერთაშორისო სამშვიდობო კონფერენციის ჩატარებას.

მასალების გადაბეჭდვის წესი