ახალი ამბები

ღარიბაშვილის სიტყვა „აბრეშუმის გზის ფორუმზე”

26 ოქტომბერი, 2023 • 875
ღარიბაშვილის სიტყვა „აბრეშუმის გზის ფორუმზე”

საქართველო მეოთხედ მასპინძლობს „აბრეშუმის გზის ფორუმს”, რომელსაც 63 ქვეყნიდან 2 300-ზე მეტი სტუმარი ესწრება.

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას ილაპარაკა საქართველოს, როგორც ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი ხიდის როლზე.

„ამ საერთო მოცემულობაში ის რელიგიები, ადათ-წესები, ტრადიციები, რომლებიც არსებობს აღმოსავლეთისა და დასავლეთის ქვეყნებში, ერთიანდება ამ ადგილას, რასაც ჩვენ ამაყად ვუწოდებთ საქართველოს“, — თქვა მან.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, შუა დერეფანი საქართველოს მასშტაბებით სწრაფად ვითარდება, როგორც ტრადიციული გზების ალტერნატივა.

„ჩვენ უკვე ვხდებით ყველაზე საიმედო, ერთ-ერთი ვარიანტი, აღოსავლეთ-დასავლეთ სატრანსპორტო მარშრუტზე და ასევე მჭიდროდ ვმუშაობთ აზერბაიჯანელ და ყაზახ კოლეგებთან იმისთვის, რომ აღმოიფხვრას დაბრკოლებები და გაძლიერდეს ინფრასტრუქტურული შესაძლებლობები, გამარტივდეს პროცედურები და ასევე გამოყენებულ იქნას ერთიანი სატარიფო პოლიტიკა“, — განაცხადა ღარიბაშვილმა.

პრემიერის თქმით, ათწლეულის განმავლობაში საქართველომ მოახერხა, გამხდარიყო მსოფლიოში საუკეთესო ადგილი ბიზნესის კეთების თვალსაზრისით. მან ისაუბრა ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, მათ შორის ანაკლიის პორტზე, რომლის აშენებასაც საქართველო აპირებს.

ის მოელის, რომ წყალქვეშა ელექტროკაბელის პარალელურად, ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელი პირდაპირ დააკავშირებს სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპას სამხრეთ კავკასიასთან და საქართველოს მოქალაქეებს ექნებათ წვდომა უფრო სწრაფ და სტაბილურ ინტერნეტ კავშირზე.

ირაკლი ღარიბაშვილმა ასევე განაცხადა, რომ მისი მთავრობის ერთ-ერთი მთავარი მიზანია ომის თავიდან აცილება და მშვიდობის უზრუნველყოფა.

ღარიბაშვილის თქმით, თბილისია მზადაა, იმუშაოს სომხეთსა და აზერბაიჯანთანაც, რათა საბოლოოდ დამკვიდრდეს გრძელვადიანი მშვიდობა სამხრეთ კავკასიაში.

„და კი, ძალიან ბევრი სამუშაო გვაქვს დარჩენილი და გასაკეთებელი, მაგრამ ჩვენ მაინც ვრჩებით ამ მიმართულებით, რომ შევინარჩუნოთ მშვიდობა და კეთილდღეობა, ასევე უზრუნველვყოთ პროგრესი და დავამკვიდროთ გრძელვადიანი პარტნიორობა“, — დასძინა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი