ახალი ამბები

ფაშინიანმა თბილისში „მშვიდობის გზაჯვარედინის“ პროექტი წარადგინა

26 ოქტომბერი, 2023 • 1287
ფაშინიანმა თბილისში „მშვიდობის გზაჯვარედინის“ პროექტი წარადგინა

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკო ფაშინიანმა „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე” სიტყვით გამოსვლისას „მშვიდობის გზაჯვარედინის“ პროექტის შესახებ ისაუბრა.

მისი თქმით, მშვიდობის გზაჯვარედინის ინიციატივა თავისთავად ჯდება აბრეშუმის გზის ლოგიკაში და სომხეთი მოხარული იქნება, შეასრულოს სატრანზიტო ფუნქცია, თავის ტერიტორიაზე გაატაროს ნავთობსადენები, ელექტროკაბელები თუ სხვა.

„მშვიდობის გარეშე ნებისმიერი გზის შენება იქნება ძალიან ძნელი. ამიერკავკასიას სჭირდება ხანგრძლივი მშვიდობა. ეს არის ისეთი მდგომარეობა, სადაც ქვეყნები ფუნქციონირებენ ღია საზღვრებით, დაკავშირებული არიან ეკონომიკურად და კულტურულად, აკუმულირებულ ცოდნას და გამოცდილებას უზიარებენ ერთმანეთს. ეს არის მიზეზი, რატომაც შეიმუშავა ჩვენმა მთავრობამ გზაჯვარედინის მშვიდობის პროექტი, რომელიც უმნიშვნელოვანესია და მისი მიზანია განვითარდეს კომუნიკაცია სომხეთს, აზერბაიჯანს, თურქეთს, ირანს და რეგიონის სხვა ქვეყნებს შორის, სხვადასხვა საგზაო ინფრასტრუქტურის, ნავთობის ხაზების, ელექტროგადამცემი ხაზების მოდერნიზაციით და შენებით.

სარკინიგზო ინფრასტრუქტურა, რომელიც სომხეთის ჩრდილოეთ და სამხრეთ ტერიტორიებს კვეთს, უკვე არსებობს სამი ათწლეულის განმავლობაში. რამდენიმე გზა, რომელიც აღმოსავლეთს და დასავლეთს აკავშირებს, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია და ამ გზების გააქტიურება იქნება მოკლე და ეფექტური გზა კასპიის და ხმელთაშუა ზღვების დაკავშირებისთვის“, — განაცხადა ფაშინიანმა.

მან ჩამოთვალა „მშვიდობის გზაჯვარედინის“ პრინციპები:

  1.  ყველა ინფრასტრუქტურა, მათ შორის, საგზაო, სარკინიგზო, საჰაერო, ნავთობსადენი თუ ელექტროგადამცემი ფუნქციონირებს შესაბამისი ქვეყნების იურისდიქციების ფარგლებში, სადაც ისინი გადიან.
  2. თითოეულ ქვეყანა საკუთარი სახელმწიფო ინსტიტუციების საშუალებით უზრუნველყოფს საბაჟო კონტროლს, ინფრასტრუქტურის უსაფრთხოებას და მათი ტერიტორიის კვეთას საავტომობილო თუ ნებისმიერი სხვა საშუალებით. უახლოეს მომავალში სპეციალური ერთეული ჩამოყალიბდება სომხეთის სამართალდამცავი სტრუქტურის ფარგლებში, რომელიც საერთაშორისო კომუნიკაციების უსაფრთხოებაზე იქნება უფლებამოსილი.
  3. ეს ინფრასტრუქტურა შეიძლება გამოყენებული იყოს როგორც საერთაშორისო, ასევე შიდა ტრანსპორტირებისთვის.
  4. ყველა ქვეყანას შეუძლია ერთმანეთის ინფრასტრუქტურის გამოყენება ნაცვალგების და თანასწორობის პრინციპის საშუალებით.

ფაშინიანმა ხაზი გაუსვა სომხეთის მზაობას, ხელახლა გახსნას, ააშენოს, განაახლოს რეგიონული კომუნიკაციები ზემოთ ჩამოთვლილ პრინციპებზე დაყრდნობით.

„ეს პრინციპები საჭიროა, რომ თავიდან ავიცილოთ გაუგებრობა და სხვადასხვაგვარი ინტერპრეტაცია. უახლოეს მომავალში ოფიციალურად წარმოვადგენთ ამ პროექტს ჩვენი რეგიონის ქვეყნების მთავრობებისთვის და იმედი მაქვს, ამ პროექტის განხორციელებას შევძლებთ“, — თქვა მან.

მისი თქმით, მშვიდობის გზაჯვარედინი მშვიდობის დღის წესრიგის უმნიშვნელოვანესი ნაწილია. სომხეთის პრემიერ-მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ უახლოეს მომავალი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ხელი მოეწერება სამშვიდობო შეთანხმებას და ორი ქვეყანა აღიარებს ერთმანეთს საბჭოთა კავშირის დაშლის დროისთვის არსებულ საზღვრებში.

აბრეშუმის გზის ფორუმზე ნიკოლ ფაშინიანის გამოსვლის თარგმანი ეკუთვნის საქართველოს მთავრობას. 

მასალების გადაბეჭდვის წესი