ახალი ამბები

IDFI: 2020-2022-ში თანამდებობის პირებმა ან მათმა ოჯახის წევრებმა 27.8 მილიონის საჩუქრები მიიღეს

26 ოქტომბერი, 2023 • 1345
IDFI: 2020-2022-ში თანამდებობის პირებმა ან მათმა ოჯახის წევრებმა 27.8 მილიონის საჩუქრები მიიღეს

2020-2022 წლებში თანამდებობის პირებმა ან მათმა ოჯახის წევრებმა, ჯამში, 27,8 მილიონი ლარის საჩუქრები მიიღეს. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) კვლევის მიხედვით, საუბარია აღმასრულებელი ხელისუფლების 394 თანამდებობის პირზე. კვლევის ფარგლებში ორგანიზაციამ  გააანალიზა თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებში აღნიშნული მონაცემები.

დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ 18,6 მილიონი ლარის ღირებულების საჩუქარი მიღებული აქვს უშუალოდ თანამდებობის პირებს, 9,2 მილიონი ლარის კი – მათი ოჯახის წევრებს.

27,8 მილიონი ლარიდან 16,6 მილიონი თანამდებობის პირებმა ფულადი ფორმით მიიღეს, 9,1 მილიონი – უძრავის ქონების სახით, 2,1 მილიონი კი, ავტომობილების ან სხვა ფასიანი ნივთების სახით.

IDFI-ში აცხადებენ, რომ ყველაზე მეტი საჩუქარი ძალოვან უწყებებში და საგარეო საქმეთა სამინისტროში დასაქმებულებმა მიიღეს. როგორც წესი, თანამდებობის პირები საჩუქრებს ოჯახის წევრებისგან ან ახლო ნათესავებისგან იღებენ. თუმცა კვლევაში აღნიშნულია, რომ მათ ასაჩუქრებენ ისეთი ნათესავებიც, ვისგანაც საჩუქრების მიღება კანონით აქვთ აკრძალული. თანამდებობის პირები საჩუქრებს იღებენ მეგობრებისა და სხვა პირებისგანაც.

მიღებული საჩუქრების მოცულობის მიხედვით, პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი თანამდებობის პირებს შორის მე-18 ადგილს იკავებს. 2020-2022 წლებში 300 ათასი ლარის ღირებულების საჩუქრები მიიღო.

პრემიერ-მინისტრის გარდა ძვირადღირებულ საჩუქრებს იღებენ მაღალი კორუფციული რისკის მქონე თანამდებობებზე მომუშავე პირებიც. მათ შორის არიან თავდაცვის სამინისტროს ხარისხის კონტროლისა და სამშენებლო ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი (საჩუქრად მიიღო 200 ათასი დოლარის ღირებულების უძრავი ქონება მამისგან), შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილის მეუღლე   (მიიღო 450 ათასი ლარის ღირებულების უძრავი ქონება მშობლისგან) და სხვა.

“საჯარო მოსამსახურის მიერ საჩუქრის მიღება გარკვეულ რისკებს შეიცავს, რაც  დაკავშირებულია საჩუქრის სანაცვლოდ საჯარო მოსამსახურისგან  სარგებლის მიღებასთან  და საჯარო სამსახურის რეპუტაციის შელახვასთან. ასევე, საჯარო მოსამსახურის მიერ საჩუქრის მიღება შესაძლებელია დაკავშირებული იყოს კორუფციულ სქემასთან, რომელიც მიზნად ისახავს  უკანონო შემოსავლების დამალვას და მისი ძვირადღირებული საჩუქრის სახით ლეგალიზებას”, – ვკითხულობთ IDFI-ს განცხადებაში.

კვლევის ფარგლებში  ორგანიზაციამ გამოვლიდა სავარაუდო კანონდარღვევის 15 შემთხვევა. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ამ შემთხვევებში დამატებითი მოკვლევა უნდა ჩატარდეს.

IDFI მოუწოდებს ანტიკორუფციულ ბიუროს, შეისწავლოს თითოეული საეჭვო შემთხვევა. გარდა ამისა, ორგანიზაციის რეკომენდაციაა, საჯარო მოხელეების მიერ საჩუქრების მიღების წესის მკაფიო რეგულირების ქვეშ მოექცეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი