ახალი ამბები

„მოგვიწვია, რათა ესაუბრა მომდევნო კვირების გეგმაზე“ – ზურაბიშვილი EU-ს ელჩებს შეხვდა

25 ოქტომბერი, 2023 • 1537
„მოგვიწვია, რათა ესაუბრა მომდევნო კვირების გეგმაზე“ – ზურაბიშვილი EU-ს ელჩებს შეხვდა

დღეს, 25 ოქტომბერს, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს შეხვდა.

შეხვედრის შესახებ განცხადება პრეზიდენტის ადმინისტრაციას არ გაუვრცელებია.

თუმცა შეხვედრის შემდეგ მედიასთან განცხადება გააკეთა ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ. მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილმა დიპლომატებთან ისაუბრა მომდევნო კვირებში მის სამოქმედო გეგმაზე.

პაველ ჰერჩინსკის თქმით, მომდევნო რამდენიმე კვირა საქართველოსთვის გადამწყვეტი იქნება, რადგან ევროკომისია გაფართოების შესახებ ანგარიშს 8 ნოემბერს წარადგენს, დეკემბერში კი ევროპული საბჭოს სხდომაზე 27 ქვეყნის ლიდერი გადაწყვეტილებას მიიღებს.

„პრეზიდენტი გეგმავს, რომ კანდიდატის სტატუსის მხარდასაჭერად იყოს ძალიან აქტიური. ევროკავშირის აზრით, ეს არის უმნიშვნელოვანესი მომენტი, სადაც ჩვენ გვჭირდება ყველა მხარის ძალისხმევა, რათა დაარწმუნონ 27 ქვეყნის ლიდერები, რომ საქართველომ საკმარის პროგრესს მიაღწია კანდიდატის სტატუსის მინიჭების გზაზე. ახლა არის ერთიანობის დრო, რათა ყველამ ერთი მიმართულებით — ევროკავშირში ინტეგრაციისთვის — იმუშაოს“, — განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ [„ტვ პირველის“ თარგმანი]

მასალების გადაბეჭდვის წესი