ახალი ამბები

„ჰამასი“ არ არის ტერორისტული ორგანიზაცია – ერდოღანი

25 ოქტომბერი, 2023 • 1914
„ჰამასი“ არ არის ტერორისტული ორგანიზაცია – ერდოღანი

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა დღეს, 25 ოქტომბერს, საკანონმდებლო ორგანოში სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა ისრაელსა და ღაზაში შექმნილ საომარ ვითარებაზე.

„ჰამასი არ არის ტერორისტული ორგანიზაცია. ის განმათავისუფლებელთა ჯგუფია, ისინი არიან მოჯაჰედები [რელიგიური მოტვით მებრძოლები – რედ.], რომლებიც იბრძვიან საკუთარი ხალხისა და მიწის დასაცავად“, — თქვა ერდოღანმა, როგორც ამას იტყობინება „ალ-არაბია“ და „იერუსალიმ პოსტი“.

პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ერდოღანმა დაგმო ისრაელის მთავრობა და აღნიშნა, რომ გააუქმა ისრაელში დაგეგმილი ვიზიტი. მისი თქმით, თურქეთს არა აქვს პრობლემა თავად ისრაელის სახელმწიფოსთან ან მის ხალხთან, მაგრამ დაუშვებლად მიიჩნევს უდანაშაულოთა „გამიზნულ“ მკვლელობას, წერს „ანადოლუ“.

ერდოღანმა, ამასთან ერთად, ორივე მხარეს მოუწოდა ცეცხლის შეწყვეტისკენ და ხაზი გაუსვა ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების შეტანის აუცილებლობას.

დეპუტატების წინაშე გამოსვლისას ერდოღანმა აგრეთვე გააკრიტიკა ისინი, ვინც რუსეთ-უკრაინის ომში კიევის მხარე დაიჭირა, მაგრამ „ჩუმადაა ღაზის ხოცვა-ჟლეტვის დროს“ და აშშ-საც დაუპირისპირდა. თურქეთის პრეზიდენტის თქმით, ვაშინგტონი დამარცხდება, რადგან არ სურს, მსოფლიო სამართლიანად იმართებოდეს.


ტერორისტული ორგანიზაცია „ჰამასი“, რომელიც ღაზის სექტორს აკონტროლებს, 7 ოქტომბერს დაესხა თავს ისრაელს და თავდასხმის პირველ ეტაპზე სხვადასხვა დასახლებაში მოაწყო მშვიდობიანი მოქალაქეების ხოცვა-ჟლეტა. მოკლულია, სულ მცირე, 1300-ზე მეტი ადამიანი, 200-ზე მეტი კი ღაზის მიმართულებით გაიტაცეს. თავდასხმის საპასუხოდ ისრაელმა დაიწყო ღაზის სექტორის დაბომბვა, რის შედეგადაც ასევე იხოცებიან  მშვიდობიანი მოქალაქეებიც. „ჰამასის“ ცნობით, ღაზაში დაღუპულთა რაოდენობა 5 ათასს აჭარბებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი