ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

“რუსეთის საზღვაო ფლოტის ბაზა ოჩამჩირეში ჩვენს ინტერესებს შეესაბამება” – ბჟანია

25 ოქტომბერი, 2023 • 1911
“რუსეთის საზღვაო ფლოტის ბაზა ოჩამჩირეში ჩვენს ინტერესებს შეესაბამება” – ბჟანია

აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ასლან ბჟანია კვლავ აცხადებს, რომ ოჩამჩირეში რუსული საზღვაო ფლოტის ბაზა აფხაზეთის უსაფრთხოების გარანტიაა.

“ჩვენ მუდმივად ვაძლიერებთ ჩვენი სახელმწიფოს თავდაცვისუნარიანობას და ამისთვის საჭირო იქნება შესაბამისი თანხები, რომლის მოძიებაზეც ვმუშაობთ. აქ ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი მოკავშირის პოზიცია. ამ საკითხში ერთობლივი ფრონტით ვმოქმედებთ. ომისა და მშვიდობის საკითხები არასოდეს რჩება ჩვენი ორმხრივი კონტაქტების დღის წესრიგს მიღმა.

ამიტომაც, რუსეთის საზღვაო ფლოტის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის ბაზირების პუნქტი, რომელიც ქალაქ ოჩამჩირეში განთავსდება, ჩვენს ინტერესებს შეესაბამება. ხედავთ, ამჟამად რა ხდება უკრაინაში, ახლო აღმოსავლეთში. მსოფლიო დიდი ომის წინაშე და ამის დაშვება არ შეიძლება”.

რას უქადის თბილისს, სოხუმსა და შავ ზღვას რუსული საზღვაო ბაზა აფხაზეთში

5 ოქტომბერს დე ფაქტო პრეზიდენტმა ბჟანიამ რუსულ გამოცემა “იზვესტიასთან” ინტერვიუში თქვა, რომ მოსკოვმა და სოხუმმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, უახლოეს დროში ოჩამჩირის რაიონში რუსეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტის მუდმივი ბაზირების პუნქტის განთავსების შესახებ.

ოჩამჩირეში რუსული ბაზის საკითხზე ბჟანია 2023 წლის ზაფხულშიც საუბრობდა.

მისი მაშინდელი განცხადებით, რამდენიმე წლის წინ აფხაზეთის შეიარაღებული ძალების მოდერნიზებისთვის [რაც ხელმოწერილი შეთანხმებით, ოჩამჩირეში რუსული ბაზის მშენებლობას ითვალისწინებდა] რუსეთის მიერ შემოთავაზებულ დახმარებაზე აფხაზეთმა უარი თქვა იმ მოტივით, რომ სანაცვლოდ რუსეთი იჯარით იღებდა ამ ტერიტორიებს, რაც, ბჟანიას თქმით, არასწორი ნაბიჯი იყო სოხუმის მხრიდან.

მასალების გადაბეჭდვის წესი