ახალი ამბები

პარლამენტთან ირაკლი ბებუას მხარდამჭერი აქცია გაიმართა

24 ოქტომბერი, 2023 •
პარლამენტთან ირაკლი ბებუას მხარდამჭერი აქცია გაიმართა

დღეს, 24 ოქტომბერს, საქართველოს პარლამენტთან გაიმართა ოკუპირებულ აფხაზეთში დაკავებული ირაკლი ბებუას მხარდამჭერი აქცია.

აქციაზე იმყოფებოდნენ ირაკლი ბებუას ოჯახის ოჯახის წევრები და  ოპოზიციის წარმომადგენლებიც.

როგორ ირაკლი ბებუას ოჯახი ამბობს, ხელისუფლება საკმარისად არ აქტიურობს, რომ ირაკლი ბებუა გათავისუფლდეს. ისინი ხელისუფლებას მის ხელთ არსებული ყველა მექანიზმის გამოყენებისკენ მოუწოდებენ.

„ირაკლის ჯანმრთელობის მდგმომარეობა ბოლო პერიოდში განსაკუთრებით დამძიმდა. ამის ფონზე ოჯახს ხელისუფლებასთან ერთადერთი მოთხოვნა აქვს – სასწრაფოდ მოხდეს ირაკლის გადმოყვანა საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე და მისი გათავისუფლება. ეს არის ოჯახის უპირობო მოთხოვნა!“, – განაცხადა ირაკლი ბებუას ბიძაშვილმა თამუნა ბებუამ.


ირაკლი ბებუა გალის რაიონში 2020 წლის სექტემბერში დააკავეს. მას ბრალად წაუყენეს დე ფაქტო აფხაზეთის დროშის “შეურაცხყოფა”, სხვისი ქონების განზრახ დაზიანება ან განადგურება, რასაც გაუფრთხილებლობის გამო შესაძლოა მოჰყოლოდა ადამიანის სიკვდილი ან “მძიმე შედეგები”, და საბრძოლო მასალების უკანონო შენახვა.

ბებუამ თავი დამნაშავედ მხოლოდ ორ ბრალეულობაში ცნო. მას საბრძოლო მასალის შენახვა არ უღიარებია.

დე ფაქტო სასამართლომ მას 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

ბებუას ოჯახის თქმით, დაკავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და საქართველოს ხელისუფლება არაფერს აკეთებს მის დასახსნელად.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი გრიგოლ ლილუაშვილი აცხადებს, რომ სარეჟიმო დაწესებულება, რომელშიც აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების მიერ დაკავებულ საქართველოს მოქალაქე ირაკლი ბებუა იმყოფება, აკმაყოფილებს იმ პირობებს, რომ მის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს საფრთხე არ შეექმნას.

მასალების გადაბეჭდვის წესი