ახალი ამბები

მელიას განცხადებები ემთხვევა კობახიძის, ღარიბაშვილის, მდინარაძის ნარატივს – ხაბეიშვილი

23 ოქტომბერი, 2023 • 1116
მელიას განცხადებები ემთხვევა კობახიძის, ღარიბაშვილის, მდინარაძის ნარატივს – ხაბეიშვილი

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმდჯომარის ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, ნიკა მელიას განცხადებები „ქართული ოცნების“ ნარატივს ემთხვევა.

მისი თქმით, ნიკა მელია ძალიან ცუდ გზას ადგას.

„ვწუხვარ ამ კონკრეტული ადამიანის გამო, რაც ახლა თქვენ წაიკითხეთ, და მისი განცხადების გამო. ჩემდა სამწუხაროდ, ჩვენდა სამწუხაროდ, საზოგადოება ამას უყურებს. ერთი-ერთში ეს განცხადებები ასახავს რუსული პროპაგანდისტული არხების მიერ გაწეულ კამპანიას, ერთი-ერთში ემთხვევა კობახიძის, ღარიბაშვილის, მდინარაძის „პოსტვ- ის“ და ტელეკომპანია „იმედის“, თუ გნებავთ „რუსთავი 2-ის“ ნარატივს. ვწუხვარ ამის გამო და ვფიქრობ, საზოგადოება თავად შეაფასებს ამ განცხადებას. მე, მაგალითად, ნებისმიერ შემთხვევაში, ნებისმიერ თემაზე, ძალიან ბევრს ვიდარდებდი, თუ კობახიძის მსგავსად ვმეტყველებ და თუ „პოსტვ-ის“ მსგავსად ვლაპარაკობ. მე ამაზე ძალიან ვიდარდებდი.

რაც არ უნდა დარწმუნებული ვიყო ობიექტურ ჭეშმარიტებაში, თუ ვხედავ, რომ რუსული პარტიის, კობახიძის, „პოსტვ-ის“, „იმედის“  ენით ვსაუბრობ, აუცილებლად დავფიქრდებოდი, რომ კარგ გზაზე არ ვდგავარ. შესაბამისად, მე მგონია, რომ ძალიან ცუდ გზას არის კონკრეტული ადამიანი და ადამიანთა წრე შემდგარი“, – აცხადებს ლევან ხაბეიშვილი.


„ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია პარტიაში ბორდის შექმნასა და მოლაპარაკებების საკითხთან დაკავშირებით აცხადებს, რომ „არ და ვერ იქნება იქ, სადაც იქნება არაფორმალური მმართველობა და ვანო მერაბიშვილისა და დავით კეზერაშვილის მავნე გავლენა“.

მელია ხაზს უსვამს მერაბიშვილის და კეზერაშვილის „რეპუტაციულ პრობლემებს“, მათ „დრომოჭმულ და საზოგადოებისგან აბსოლუტურად დაშორებულ ხედვებს“ და ამბობს, რომ იქ, სადაც მათი გავლენაა, „ვერასოდეს მოვა გამარჯვება“.

„რუსთავი 2-მა“ 22 ოქტომბერს გაავრცელა ინფორმაცია, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ ნიკა გვარამიას ხელმძღვანელობით ახალი ბორდი იქმნება. თავად ნიკა გვარამია ამ ინფორმაციას არ ადასტურებს. მანამდე „ტვ პირველმა“ ჯერ კიდევ სექტემბრის დასაწყისში გაავრცელა ინფორმაცია, რომ გიგი უგულავას ენმ-ში მმართველი საბჭოს შექმნის ინიციატივა აქვს. ენმ-ის თავმჯდომარემ მაშინ გამორიცხა პარტიაში ბორდის შექმნა. თუმცა მოგვიანებით „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა დაადასტურეს კონსუტლაციები „ერთგვარი სათათბიროს“ თუ საბჭოს შექმნის შესახებ. ლევან ხაბეიშვილმა კი თქვა, რომ მიესალმება კომიტეტის შექმნის იდეას, რომლის თავმჯდომარეც მიხეილ სააკაშვილი იქნება.

მასალების გადაბეჭდვის წესი