ახალი ამბები

„ნიუ-იორკ თაიმსმა“ ღაზაში საავადმყოფოს გაშუქებისას დაშვებული შეცდომა აღიარა

23 ოქტომბერი, 2023 • 2393
„ნიუ-იორკ თაიმსმა“ ღაზაში საავადმყოფოს გაშუქებისას დაშვებული შეცდომა აღიარა

ამერიკული გამოცემა „ნიუ იორკ თაიმსი“ 23 ოქტომბრის სარედაქციო სვეტში აღიარებს, რომ ღაზის სექტორში საავადმყოფოს დაბომბვის თავდაპირველ გაშუქებაში ზედმეტად დაეყრდნო „ჰამასის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას და ხაზი არ გაუსვა, რომ იმ მომენტში ამ ინფორმაციის გადამოწმება შეუძლებელი იყო.

17 ოქტომბერს ღაზის სექტორში მდებარე საავადმყოფოსთან აფეთქება მოხდა. ტერორისტულმა ორგანიზაცია „ჰამასმა“ მომხდარიდან რამდენიმე წუთში ისრაელი დაადანაშაულა. თავის მხრივ, ისრაელის თავდაცვის ძალებმა განაცხადეს, რომ იძიებდნენ მომხდარს, მოგვიანებით კი განაცხადეს, რომ საავადმყოფოს აფეთქებაზე პასუხისმგებელია პალესტინის „ისლამური ჯიჰადის“ (PiJ) დაჯგუფება, რომლის მიერ ისრაელისკენ გაშვებული რაკეტა არასწორი მიმართულებით წავიდა და საავადმყოფოსთან ჩამოვარდა. ამ ორგანიზაციამ თავისი პასუხისმგებლობა უარყო.

როგორც სარედაქციო სვეტშია აღნიშნული, ამერიკულმა და სხვა მხარეებმა აღნიშნეს, რომ დაბომბვა პალესტინელი მებრძოლების პოზიციებიდან განხორციელდა.

„ნიუ-იორკ თაიმსის თავდაპირველი მონაცემები, სადაც საუბარი იყო ისრაელის პასუხისმგებლობაზე, ეყრდნობოდა პალესტინელ ოფიციალურ პირებს და იქვე აღნიშნული იყო, რომ ისრაელის სამხედროების განცხადებით, ისინი იძიებდნენ აფეთქებას. თუმცა გაშუქების ადრეული ვერსიები — და მისი ცნობადობა სათაურში, ახალი ამბების შეტყობინებებსა და სოციალური მედიის არხებში — ზედმეტად ეყრდნობოდა „ჰამასის“ განცხადებებს და არ იყო ცხადად განმარტებული, რომ ამ განცხადებების დაუყოვნებელი გადამოწმება შეუძლებელია. აღნიშნულმა მასალამ მკითხველს დაუტოვა არასწორი შთაბეჭდილება იმის შესახებ, თუ რა იყო ცნობილი მომხდარის შესახებ და რამდენად სანდო იყო ეს ცნობა“, — წერს „ნიუ-იორკ თაიმსი“ სარედაქციო წერილში.

როგორც მედიასაშუალება აღნიშნავს, მათ გააგრძელეს საავადმყოფოსთან მომხდარი აფეთქების გაშუქება, სადაც აღნიშნავდნენ, რომ მსხვერპლის შესახებ თავდაპირველად გავრცელებული ინფორმაცია, შესაძლოა, უფრო ნაკლები ყოფილიყო. ასევე, მედიასაშუალებამ მკითხველისთვის დაიწყო ინფორმაციის მიწოდება აფეთქების წყაროს შესახებ დაწყებულ დავაზე.

„ნიუ იორკ თაიმსის“ თქმით, დროის გასვლასთან ერთად განაახლეს მასალა, თუმცა:

„კონფლიქტის დროს ახალი ამბების სენსიტიურობის და [ამ ამბის] ნახვების რაოდენობის გათვალისწინებით, რედაქტორებს მეტი ყურადღება უნდა მიექციათ თავდაპირველი გაშუქებისთვის და უფრო დეტალურად დაეწერათ, რა ინფორმაციის გადამოწმება იყო შესაძლებელი“, – ნათქვამია სვეტში.

ამავე წერილის მიხედვით, „ნიუ-იორკ თაიმსის“ ნიუსრუმის მენეჯერები განიხილავენ, თუ რა შეიძლება იყოს დამატებითი დამცავი ზომები მსგავსი მასშტაბური მნიშვნელობის ახალი ამბების გაშუქებისას.

მასალების გადაბეჭდვის წესი