ღაზაში, საავადმყოფოზე საჰაეროს თავდასხმას მინიმუმ 500 ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას ამის შესახებ საერთაშორისო მედია ავრცელებს, თუმცა დაზუსტებული მონაცემები ჯერ არ ვრცელდება. საავადმყოფო სავსე იყო ომში დაჭრილი მოქალაქეებით. ცნობილია, რომ კლინიკის შენობას თავს აფარებდა ღაზის მშვიდობიანი მოსახლეობაც. სავარაუდოა, რომ ასობით ადამიანი ახლაც ნანგრევების ქვეშაა მოყოლილი.

BBC-ის ჟურნალისტი ესაუბრა ადგილობრივ ექიმს, რომლის ინფორმაციით საავადმყოფოს თავს აფარებდა 4000-მდე დევნილი. მისივე თქმით, თავდასხმამ შენობის 80% გაანადგურა.

BBC-ს ცნობით, “ჰამასი” თავდასხმაზე პასუხისმგებლობას ისრაელს აკისრებს და მას სამხედრო დანაშაულად აფასებს. ისრაელის ოფიციალური პირები ამ ეტაპზე კომენტარს არ აკეთებენ და ამბობენ, რომ დაადგენენ ხანძრის გამომწვევ მიზეზს. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ეს შეიძლება ყოფილიყო თავად “ჰამასის” მიერ გასროლილი რაკეტა, რომელიც “შემთხვევით” მოხვდა დაჭრილებითა და დევნილებით სავსე საავადმყოფოს.


7 ოქტომბერს, ისრაელზე „ჰამასის“ თავდასხმის შემდეგ, ისრაელის თავდაცვის ძალებმა [„ცაჰალი“] დაიწყეს ღაზის სექტორის დაბომბვა და უკანასკნელი ცნობებით, სახმელეთო ოპერაციისთვის ემზადებიან. ამ ეტაპზე ცნობილია 2670-ზე მეტ დაღუპულ პალესტინელზე. 1400-ზე მეტი პირი დაიღუპა ისრაელში. „ცაჰალმა“ მოუწოდა ჩრდილოეთ ღაზაში მცხოვრებ მშვიდობიან პირებს, ტერიტორიის სამხრეთში გადავიდნენ, რათა სამხედრო ოპერაციების არეალში არ მოყვნენ.

ღაზის სექტორი მცირე, დაახლოებით თბილისის ფართობის ნახევარი ტერიტორიაა, რომელშიც ორ მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს. ტერიტორია ხმელეთიდან სრულ ბლოკადაშია. ერთადერთი გასასვლელი ღაზადან ეგვიპტის საზღვარზეა, თუმცა იქ მდებარე სასაზღვრო-გამშვები პუნქტი ვერ ახერხებს სათანადოდ ოპერირებას დაბომბვის გამო. ჩვეულ რეჟიმშიც ამ პუნქტზე საჭირო იყო გადასვლისთვის სპეციალური ნებართვა.