ახალი ამბები

ისრაელის არგუმენტები, რატომაც საავადმყოფოს აფეთქებაზე პასუხისმგებელია „ისლამური ჯიჰადი“

18 ოქტომბერი, 2023 •
ისრაელის არგუმენტები, რატომაც საავადმყოფოს აფეთქებაზე პასუხისმგებელია „ისლამური ჯიჰადი“

ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) განცხადებით, მათ აქვთ მტკიცებულებები, რომ ღაზის სექტორში, ალ აჰლის საავადმყოფოს აფეთქებაზე პასუხისმგებელია პალესტინის „ისლამური ჯიჰადის“ (PiJ) დაჯგუფება.

IDF-ის ცნობით, „ჰამასმა“ ისრაელის მიმართულებით რაკეტების ნაკადი გაისროლა სამშაბათს, ადგილობრივი დროით 18:15 საათზე — საავადმყოფოს აფეთქებამდე. 18:59 საათზე კი დაახლოებით 10 რაკეტისგან შემდგარი ბარჟა PiJ-მ გაისროლა ახლომდებარე სასაფლაოდან. ამავე დროს გავრცელდა ინფორმაცია ღაზის საავადმყოფოში აფეთქების შესახებ.

ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერმა დანიელ ჰაგარიმ დაასახელა რამდენიმე ფაქტორი იმის დასტურად, რომ ეს იყო „ისლამური ჯიჰადის“ რაკეტა. მისი თქმით:

  • დადასტურებულია, რომ IDF-ის არ გაუხსნია ცეცხლი „ხმელეთიდან, ზღვიდან ან ჰაერიდან“, რომელიც მოხვდა საავადმყოფოს;
  • ისრაელის „რადარის სისტემა“ ადევნებდა თვალყურს ღაზის ტერიტორიიდან გასროლილ რაკეტებს — არსებობს ორი დამოუკიდებელი ვიდეო, რომელიც აჩვენებს რაკეტის წარუმატებელ გაშვებას;
  • არსებობს დაზვერვის მონაცემები, რომელიც აჩვენებს კომუნიკაციას ბოევიკთა ჯგუფებს შორის წარუმატებელი რაკეტების გაშვების შემდეგ.

ისრაელის თავდაცვის ძალებმა გამოაქვეყნეს აუდიოჩანაწერი, რომელიც, მათი მტკიცებით, „ჰამასის“ ოპერატორებს შორის შედგა საავადმყოფოს აფეთქების შემდეგ, რომელშიც საუბარია, რომ დიდი ალბათობით ეს იყო ისლამური ჯიჰადის მიერ სასაფლაოდან გაშვებული რაკეტა.

ჰაგარი იმეორებს ისრაელის მტკიცებას, რომ ძალადობის ბოლო ციკლის დაწყების შემდეგ ღაზიდან  450 რაკეტა იქნა არასწორად გასროლილი და ღაზაშივე ჩამოვარდა.

სპიკერმა ასევე განაცხადა, რომ ეს რომ ყოფილიყო ისრაელის გასროლილი რაკეტა, აფეთქების ადგილას იქნებოდა კრატერი ან რამე „სტრუქტურული დაზიანება“. მან აჩვენა საავადმყოფოს დიაგრამა და თქვა, რომ ასეთი დაზიანება სახეზე არ არის — „კედლები ხელუხლებელი დარჩა“.

მისი თქმით, ეს იმიტომ მოხდა, რომ აფეთქება „ისლამური ჯიჰადის“ რაკეტამ გამოიწვია, რომელიც სათანადოდ „ვერ გაეშვა“.

17 ოქტომბერს ღაზის სექტორში, ალ აჰლის საავადმყოფო დაიბომბა, რასაც ადგილობრივი ჯანდაცვის უწყებების ცნობით, 500-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. პალესტინური მხარე ჰოსპიტალის დაბომბვაში ისრაელს ადანაშაულებს, ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით კი, აფეთქება „ისლამური ჯიჰადის“ მიერ გასროლილი რაკეტით მოხდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი