ახალი ამბები

ირანის მორალის პოლიციას თავსაბურავის არტარების გამო კიდევ ერთ გოგოზე ძალადობაში ადანაშაულებენ

23 ოქტომბერი, 2023 • 14885
ირანის მორალის პოლიციას თავსაბურავის არტარების გამო კიდევ ერთ გოგოზე ძალადობაში ადანაშაულებენ

ირანელ თინეიჯერ გოგოს, რომელიც, სავარაუდოდ, მორალის პოლიციასთან დაპირისპირების შემდეგ კომაში ჩავარდა, ტვინის სიკვდილი დაუდგინდა. 16 წლის გოგოს მდგომარეობაზე ინფორმაციას BBC ავრცელებს ირანის სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით.

BBC წერს, რომ 16 წლის არმიტა გერავანდი თეირანის მეტროში 1 ოქტომბერს უგონოდ დაეცა. აქტივისტებმა ჰიჯაბის გარეშე გადაადგილების გამო გოგოზე თავდასხმაში ირანის მორალის პოლიცია დაადანაშაულეს, თუმცა ოფიციალური პირები ბრალდებებს უარყოფდნენ და აცხადებდნენ, რომ გოგომ უბრალოდ გონება დაკარგა. გამოცემა აღნიშნავს, რომ ეს ინფორმაცია არმიტას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ამ დრომდე არ დაუდასტურებიათ მის მშობლებსა და აქტივისტებს. მოზარდი ახლა თეირანის საავადმყოფოში, უსაფრთხოების გაძლიერებული ზომების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.

ირანის სახელმწიფო მედიის მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ გოგო მეტროს ვაგონში ორ გოგოსთან ერთად თავსაბურავის გარეშე შედის, რამდენიმე წუთში კი არმიტას თანმხლები ერთ-ერთი გოგო მატარებლიდან გამოდის და ძირს იხრება. ამის შემდეგ კადრებში ჩანს, რომ მას და სხვა რამდენიმე მგზავრს მატარებლიდან არმიტა უგონო მდგომარეობაში გამოჰყავთ და ბაქანზე აწვენენ.

BBC აღნიშნავს, რომ არც მატარებლის შიდა და არც სადგურის შესასვლელის კადრები არ გავრცელებულა. ადამიანის უფლებების დამცველი ჯგუფ Hengaw-ის თქმით, რომელიც ირანში ეთნიკურად ქურთი უმცირესობების უფლებებზე მუშაობს, „არმიტას ფიზიკურად თავს დაესხნენ მაღალჩინოსნები ჰიჯაბის ტარების ვალდებულებასთან შეუსაბამობის გამო“, რის შემდეგაც გოგომ მძიმე დაზიანებები მიიღო.

მიუხედავად ამისა, თეირანის მეტროს დირექტორმა ყოველგვარი ფიზიკური ან ვერბალური კონფლიქტი უარყო გოგოსა და მგზავრებს ან მეტროს ხელმძღვანელობას შორის.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა ჰიჯაბის გარეშე გადაადგილების გამო ახალგაზრდა ქალის ცემაში ირანის ე.წ. მორალის პოლიციას ადანაშაულებენ. 22 წლის ქურთი ქალი, მაჰსა ამინი, ირანის ე.წ. მორალის პოლიციამ გასული წლის სექტემბერში დააკავა. მას სავალდებულო თავსაბურავთან დაკავშირებული წესების დარღვევას ედავებოდნენ. დაკავებიდან მალევე, ამინი კომაში ჩავარდა და 3 დღეში დაიღუპა.

ხელისუფლება ქალის სიკვდილს ჯანმრთელობის პრობლემებს უკავშირებდა, თუმცა სწრაფად გავრცელდა მისი ოჯახის განცხადებები, რომელიც თვითმხილველებზე დაყრდნობით იუწყებოდა, რომ ამინის დაკავებისას სცემეს.

მაჰსა ამინის დაღუპვის შემდეგ დაწყებული დემონსტრაციები, რომლებმაც მალევე მიიღო მმართველი რეჟიმის საწინააღმდეგო სახე, არაერთგზის შეფასდა, როგორც ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა ისლამური რესპუბლიკისთვის, მისი არსებობის ისტორიაში.

უფლებადამცველთა ცნობით, აქციების ჩახშობისას უსაფრთხოების ძალებმა 500-ზე მეტი ადამიანი მოკლეს, საიდანაც 71 არასრულწლოვანი იყო. დაკავებულთა რიცხვმა 20 000-ს გადააჭარბა. 7 ადამიანი დაკავების შემდეგ სიკვდილით დასაჯეს.

ამასთან, გუშინ, 22 ოქტომბერს, ირანის სასამართლომ აშშ-თან თანამშრომლობისა და სხვა ბრალდებებით დააპატიმრა ჟურნალისტები, რომელთაც გააშუქეს გასულ წელს მორალის პოლიციის მიერ დაკავებული ახალგაზრდა ქალის, მაჰსა ამინის სიკვდილი.

31 წლის ნილუფარ ჰამედიმ კომაში ჩავარდნილი ამინის დაღუპვის ფაქტი გაახმაურა, ელანე მოჰამადიმ კი — მისი დაკრძალვა გააშუქა. ორივე მათგანი ბეჭდური მედიისთვის მუშაობდა. ირანის სასამართლოსთან აფილირებული სააგენტოს, “მიზანის” თანახმად, 1-წლიანი წინასწარი პატიმრობის შემდეგ, ჰამედის 7-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს, მოჰამადის კი — 6-წლიანი.

როგორც სააგენტო AP წერს “მიზანზე” დაყრდნობით, ბრალდებებს შორის იყო აშშ-ის მთავრობასთან თანამშრომლობა, შეთქმულება სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ და სისტემის საწინააღმდეგო პროპაგანდა. დაპატიმრებული ჟურნალისტები ბრალდებებს უარყოფენ.

აშშ-ში მოქმედი “ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის” განცხადებით, ჰამედისა და მოჰამადის გასამართლება წარმოადგენს ჟურნალისტიკის კრიმინალიზების მცდელობას ირანის ხელისუფლების მხრიდან. მიმდინარე წლის მაისში გაერომ ორივე ჟურნალისტი პრესის თავისუფლების პრიზით დააჯილდოვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი