ახალი ამბები

ლილუაშვილი: ფარცხალაძეზე გამოძიება უცხო ქვეყნის მტრულ საქმიანობაში დახმარებაზე დაიწყო

19 ოქტომბერი, 2023 • 1359
ლილუაშვილი: ფარცხალაძეზე გამოძიება უცხო ქვეყნის მტრულ საქმიანობაში დახმარებაზე დაიწყო

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი გრიგოლ ლილუაშვილი აცხადებს, რომ ყოფილი გენპროკურორის, ოთარ ფარცხალაძის საქმეზე გამოძიება სუს-ში საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 319 მუხლით მიმდინარეობს, რაც უცხო ქვეყნისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს.

ლილუაშვილის თქმით, ბრალი დამტკიცების შემთხვევაში 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. უწყება ამ დრომდე არ აკონკრეტებდა, თუ რა მუხლით იყო დაწყებული გამოძიება ოთარ ფარცხალაძის საქმეზე, რომელიც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დაასანქცირა.

ლილუაშვილის თქმით, გამოძიების დაწყებიდან მეორე დღესვე უწყებამ ოთარ ფარცხალაძე გამოკითხა, თუმცა მიღებული ინფორმაცია არაფრით განსხვავდებოდა იმისგან, რაც ოთარ ფარცხალაძემ საჯაროდ განაცხადა:

„გამოიკითხა ბატონი ფარცხალაძე და არა დაიკითხა, იმიტომ, რომ ჩვენ გამოკითხვის უფლება გვაქვს. მოწოდებული ინფორმაცია არაფრით განსხვავდება იმისგან, რაც მან საჯარო სივრცეში განაცხადა. ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება გაიწერა, ნაწილი შესრულებულია, მათი ნაწილი შესრულების პროცესშია. ოთარ ფარცხალაძემ დატოვა საქართველო გამოკითხვიდან მეორე დღეს. მტკიცებულებები ვერ მივიღეთ მიუხედავად იმისა, რომ სამართლებრივი დახმარების მოთხოვნით პროკურატურის მეშვეობით გაიგზავნა მოთხოვნა. ასევე საგარეო საქმეთა სამინისტროს მეშვეობით გაიგზავნა მოთხოვნა სახელმწიფო დეპარტამენტის მისამართით, თუმცა არავითარი დეტალები არ მიგვიღია“, — აცხადებს გრიგოლ ლილუაშვილი.

აშშ-ის მიერ სანქცირების შემდეგ ოთარ ფარცხალაძის პირველი და ერთადერთი კომენტარი ტელეკომპანია რუსთავი 2-მა გაავრცელა.

“რუსთავი 2-ის” ცნობით, “კურიერმა” ფარცხალაძესთან სატელეფონო კომუნიკაციის დამყარება შეძლო, რა დროსაც ფარცხალაძემ უარი თქვა ინტერვიუზე, თუმცა რუსთავი2-ს საკუთარი პოზიცია წერილობით გაუგზავნა.

ფარცხალაძე წერილში ემიჯნება საქართველოს ხელისუფლებას – აცხადებს, რომ 10 წელია სახელმწიფო ინსტიტუტებთან არავითარი კავშირი არ აქვს და მის მიმართ დაწესებული სანქციები “კონკრეტული ადამიანების ინსპირირებულია” და “ათწლიანი დისკრედიტაციის კამპანიის დაგვირგვინებაა”. დისკრედიტაციის კამპანიაში ის ადანაშაულებს ენმ-ს და მედიასაშუალებებს:

“ქართულმა საზოგადოებამ კარგად იცის, რომ უკვე 10 წელია, არათუ საჯარო სამსახურში თანამდებობას არ ვიკავებ, არამედ სახელმწიფო ინსტიტუტებთან არანაირი კავშირი არ მაქვს! მიუხედავად ამისა, ნაციონალურ მოძრაობასა და მის პროპაგანდისტულ მედიას ჩემ წინააღმდეგ ტალახის სროლა და მიზანმიმართული დისკრედიტაციის მცდელობები მთელი ამ დროის განმავლობაში ერთი წამითაც არ შეუწყვეტია.

შეგახსენებთ, რომ სწორედ ცილისწამებისა და ჩემ მიმართ ტყუილების გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში სამჯერ მაქვს მოგებული სასამართლო. მიუხედავად ამისა, ამ ადამიანებს ერთი წამით არ უთქვამთ უარი ჩემ წინააღმდეგ აგორებული ბინძური კამპანიის შეწყვეტაზე, თანაც ეს იმ ფონზე, როდესაც არც ერთი ფაქტი არ წარმოუდგენიათ იმ მოგონილი ბრალდებების დასადასტურებლად, რომელსაც ავრცელებდნენ.

სწორედ ამიტომ, მიმაჩნია, რომ ჩემ წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კონკრეტული ადამიანების ინსპირირებულია და ამ ათწლიანი დისკრედიტაციის კამპანიის დაგვირგვინებაა. მეორე მხრივ, ადგილობრივ დონეზე კონკრეტული პოლიტიკური ინტერესების მქონე სუბიექტების რეაქციებმა დამარწმუნა, რომ აქტიურად ცდილობენ ჩემი სახელის სახელმწიფო ინსტიტუტებთან ან ხელისუფლებასთან დაკავშირებას, რასაც, კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვაცხადებ, არანაირი საფუძველი არ აქვს, ხოლო რას ემსახურება აღნიშნული მცდელობები, დარწმუნებული ვარ, ქართული საზოგადოება ყველაზე უკეთ ხვდება.

ყველამ, ვინც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება წაიკითხა, ნათლად დაინახა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება მხოლოდ ვარაუდებზე დაყრდნობით არის მიღებული, რასაც გამოქვეყნებული ტექსტით მისივე ავტორები ადასტურებენ”, – წერს ფარცხალაძე “რუსთავი 2 -ისთვის” გაგზავნილ წერილში.

ფარცხალაძე აცხადებს, რომ მის ხელთ არსებულ ყველა სამართლებრივ და იურიდიულ შესაძლებლობას გამოიყენებს, რათა დაამტკიცოს მის წინააღმდეგ დაწესებული “სანქციების უსამართლობა”.

ფარცხალაძესთან დაკავშირება 15 სექტემბერს ნეტგაზეთმაც სცადა, თუმცა ჩვენს ზარებს არ უპასუხა.

14 სექტემბერს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სანქციები დაუწესა რუსეთთან დაკავშირებულ პირებს, მათ შორის საქართველოს ყოფილ მთავარ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძეს. აშშ ფარცხალაძეს უწოდებს რუს-ქართველ ოლიგარქს, რომელიც რუსეთის ეკონომიკის მართვის საკონსულტაციო სექტორში საქმიანობს. აშშ-ის ხაზინის თანახმად, ფარცხალაძეს, როგორც თავის თანამოაზრეს, სავარაუდოდ, „ეფესბეს“ ოფიცერი ალექსანდრე ონიშჩენკო დაეხმარა რუსული პასპორტის და შესაძლოა, რუსეთის მოქალაქეობის მიღებაში.

„ონიშჩენკომ და FSB-მ გამოიყენეს ფარცხალაძე ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე რუსეთის საკეთილდღეოდ გავლენისთვის. გავრცელებული ინფორმაციით, ფარცხალაძემ პირადად ისარგებლა მისი კავშირებით „ეფესბესთან“, – წერს აშშ-ის ხაზინა.

ფარცხალაძეს სანქციები დაუწესეს უკრაინაში ომის გამო რუსეთისთვის დაწესებული სანქციების ფარგლებში.

მასალების გადაბეჭდვის წესი