ისრაელის თავდაცვის მინისტმა იოავ გალანტმა ქნესეთის [ისრაელის პარლამენტის] თავდაცვისა და საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე დეპუტატებს ინფორმაცია მიაწოდა ღაზის სექტორში ისრაელის გეგმებისა და მიზნების შესახებ. მისი თქმით, ისრაელის ომს „ჰამასთან“ სამი ფაზა ექნება.
გალანტის თქმით, ისრაელის მიზნებში შედის „ჰამასის“ განადგურება, მათი ადმინისტრაციული და სამხედრო რესურსების განადგურებით. შემდგომ, ისრაელს აღარ უნდა ჰქონდეს რაიმე პასუხისმგებლობა ღაზაში, ვინაიდან სექტორში უნდა შეიქმნას ახალი „უსაფრთხოების რეჟიმი“, ამბობს მინისტრი.
რაც შეეხება სამხედრო ოპერაციას, გალანტის თქმით, მას ექნება სამი ფაზა.
პირველი ფაზა, მინისტრის ცნობით, ახლა მიმდინარეობს და მოიცავს საჰაერო დაბომბვებს, რომლებსაც მოჰყვება სახმელეთო მანევრები.
„მიზანია „ჰამასის“ ოპერატიული მუშაკების და ინფრასტრუქტურის განადგურება“, – ციტირებს მას „თაიმს ოფ ისრაელ“.
მეორე ფაზის ფარგლებში ბრძოლები გაგრძელდება, ოღონდ ნაკლები ინტენსივობით, „წინააღმდეგობის კერების გასანეიტრალებლად“.
ამ ყველაფერს კი, გალანტის განცხადებით, უნდა მოჰყვეს ღაზაში ახალი „უსაფრთხოების რეჟიმის დამყარება“, რომლითაც ისრაელი აღარ იქნება პასუხისმგებელი სექტორში ყოველდღიურ ცხოვრებაზე.
„[ასევე] შეიქმნება ახალი უსაფრთხოების რეალობა ისრაელის მოქალაქეებისთვის და [ღაზის მიმდებარედ] მცხოვრები პირებისთვის“, – განაცხადა მინისტრმა. კონკრეტულად რას ნიშნავს უსაფრთხოების ახალი რეჟიმი, მას არ დაუზუსტებია.
