ახალი ამბები

პაპუაშვილის თქმით, აშშ-სგან კარგი ნაბიჯი იქნებოდა, თუ მოსამართლეებს სანქციებს მოუხსნიდა

20 ოქტომბერი, 2023 • 1596
პაპუაშვილის თქმით, აშშ-სგან კარგი ნაბიჯი იქნებოდა, თუ მოსამართლეებს სანქციებს მოუხსნიდა

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, აშშ-სგან კარგი ნაბიჯი იქნებოდა, თუ 4 ქართველ მოსამართლეს სანქციებს მოუხსინდა.

მისი თქმით, ამ მხრივ აშშ-ის ახალ ელჩს იმედით უყურებს, რომ ამ საკითხში გაერკვევა.

„7 თვე გავიდა მას შემდეგ, რაც მოსამართლეებს სავიზო შეზღუდვები დაუწესდათ, 1 თვე გავიდა მას შემდეგ, რაც ოთარ ფარცხალაძეს დაუწესეს გარკვეული სანქციები, არცერთ შემთხვევაში არანაირი მტკიცებულება არ არის წარმოდგენილი. ვფიქრობ, რომ ამ მხრივ კითხვები აღარ არსებობს, რადგან მტკიცებულებები არ არსებობს. ერთადერთი კითვხა რაც დარჩა — რა იყო მოტივაცია ამ გადაწყვეტილების მიღების? აქ არ მინდა სპეკულირება.

ჩვენ იმედით ვუყურებთ აშშ-ის ახალ ელჩს და იმედი მაქვს, რომ ისიც გაერკვევა ამ საკითხებში. ვფიქრობ, რომ კარგი ნაბიჯი იქნებოდა, თუკი აშშ იმ სავიზო შეზღუდვებს, რომელიც საქართველოს 4 მოქალაქეს აქვს დაწესებული, მოხსნიდა. იქიდან გამომდინარე, რომ 7 თვე გავიდა და ფაქტია, რომ არც თავად აშშ-ს აქვს პასუხი, თუ რა მტკიცებულებებია ამასთან დაკავშირებით და არც ჩვენს მოქალაქეებს მიუღიათ ამაზე რაიმე პასუხი. ეს იქნებოდა კარგი ნაბიჯი, საქართველო-აშშ-ის შორის სტრატეგიული პარტნიორობის სულისკვეთების ერთ-ერთი კარგი ნიშანი“, — განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.


5 აპრილს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოაცხადა, რომ სანქციებს უწესებს ე.წ. კლანის წევრ მოსამართლეებს. სახელმწიფო დეპარტამენტის თქმით, სანქცირება უკავშირდება მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში მათ ჩართულობას. მოსამართლეებს და მათი ოჯახის წევრებს აეკრძალათ აშშ-ში შესვლა.

სანქცია გულისხმობს მოსამართლეების — ლევან მურუსიძის, მიხეილ ჩინჩალაძის, ირაკლი შენგელიას, ასევე ყოფილი მოსამართლე ვალერიან ცერცვაძისთვის და მათი ოჯახებისთვის აშშ-ში შესვლის აკრძალვას.

მასალების გადაბეჭდვის წესი