ახალი ამბები

გაეროს გენერალური მდივანი ღაზის სექტორთან ეგვიპტის მხრიდან მივიდა

20 ოქტომბერი, 2023 • 1474
გაეროს გენერალური მდივანი ღაზის სექტორთან ეგვიპტის მხრიდან მივიდა

გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტიერეში ეგვიპტეშია, სადაც ღაზის სექტორში შექმნილ ჰუმანიტარულ კრიზისთან დაკავშირებით ეგვიპტის ხელისუფლების წარმომადგენლებს ესაუბრა.

საერთაშორისო მედიის ცნობით, გუტიერეში უკვე მივიდა რაფაჰის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე, რომელიც ერთადერთი გზა არის ბლოკადაში მოქცეულ ღაზის სექტორში შესასვლელად.

რაფაჰის გამშვებ პუნქტთან ჰუმანიტარული ტვირთით სავსე ათეულობით სატვირთო ავტომობილია გაჩერებული, რომელიც ღაზის სექტორში შესვლას ელოდება.

როგორც გუტიერეშმა თქვა, ის ჩართულია მოლაპარაკებებში მხარეებთან, რათა ჰუმანიტარული ტვირთი შეუფერხებლად შევიდეს ღაზაში. მისი თქმით, ღაზის სექტორის მოსახლეობას დაუყოვნებლივ სჭირდება საკვები, წყალი, საწვავი, მედიკამენტები.

ამ დროისათვის ღაზაში შესასვლელი გზის შეკეთებას ცდილობენ, რათა სატვირთოებმა იქ შესვლა შეძლონ. აღნიშნული გზა ისრაელმა რამდენიმე დღის წინ დაბომბა.

ისრაელმა ღაზის სექტორი 7 ოქტომბრის შემდეგ სრულ ბლოკადაში მოაქცია. ამის მიზეზი გახდა ღაზაში მოქმედი ტერორისტული დაჯგუფება „ჰამასის“ თავდასხმა. „ჰამასის“ 2 ათასზე მეტი მებრძოლი 7 ოქტომბერს, გამთენიისას, ისრაელის ტერიტორიაზე მოულოდნელად შეიჭრა. ტერორისტებმა ასეულობით ადამიანი დახოცეს, მათი უმრავლესობა მშვიდობიანი მოქალაქეები არიან. „ჰამასის“ თავდასხმის მსხვერპლთა რიცხვმა ისრაელში 1400-ს გადააჭარბა, ღაზის მიმართულებით, სულ მცირე, 200 ადამიანი გაიტაცეს, რომელთა შორის არიან ბავშვები, მოხუცები და ქალები. ათეულობით ადამიანი მიიჩნევა დაკარგულად.

თავდასხმის შემდეგ ისრაელმა საომარი მდგომარეობა გამოაცხადა, ღაზის სექტორი სრულ ბლოკადაში მოაქცია და დაიწყო, პრაქტიკულად, უწყვეტი დაბომბვა. ღაზაში 2 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს, ტერიტორიას კი „ჰამასი“ მართავს. ადგილზე სხვა ტერორისტული დაჯგუფებებიც მოქმედებენ. „ჰამასის“ ინფორმაციით, ისრაელის საპასუხო ავიაიერიშებს ღაზაში 4 ათასამდე ადამიანი ემსხვერპლა.

მთავარ ფოტოზე: რაფაჰის სასაზღვრო-გამშვები პუნქტი ეგვიპტის მხრიდან. ფოტო: EPA-EFE/KHALED ELFIQI

მასალების გადაბეჭდვის წესი