“კანიონთან ახლოს გავშლით კარავს და გადავალთ პროტესტის სხვა ფორმებზე. ვიცით, რომ ეს შეიძლება ხანგრძლივი ბრძოლა იყოს, მაგრამ ერთ გოჯს არ დავთმობთ”, – აცხადებენ მოძრაობაში, რომელიც მიმდინარე წელს შეიქმნა ბალდის კანიონის დასაცავად.
მოძრაობამ “ბალდის კანიონის შესანარჩუნებლად” სოციალური სამართლიანობის ცენტრთან ერთად 20 ოქტომბერს პრესკონფერენცია გამართა. მოძრაობა ორგანიზაციასთან ერთად სასამართლოში სარჩელის შესატანად ემზადება, მანამდე მორატორიუმის გამოცხადებას ითხოვს კანიონში მიმდინარე სამუშაოებზე და პროტესტის უწყვეტ რეჟიმში გაგრძელებას აანონსებს.
ბალდის კანიონს 2013 წლიდან ბუნების ძეგლის სტატუსი აქვს და დაცული ტერიტორიების სააგენტოს დაქვემდებარებაშია. სააგენტომ ბუნების ძეგლი, კერძოდ კი 24 130 კვ.მ, ტურისტული ინფრასტრუქტურის მოსაწყობად 40 წლის ვადით გადასცა 2022 წლის მიწურულს დარეგისტრირებულ შ.პ.ს. კანიონი 350-ს.
პრესკონფერენციაზე სოციალური სამართლიანობის ცენტრის წარმომადგენელმა სალომე შუბლაძემ განაცხადა, რომ ორგანიზაცია კანონმდებლობის უხეშ დარღვევად და ადგილობრივების ინტერესების უგულებელყოფად აფასებს მიღებულ გადაწყვეტილებას.
“ვგულისხმობთ პირველ რიგში საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებას მოსახლეობისთვის, რომ მათ გარემოსთან დაკავშირებული საკითხების შესახებ გადაწყვეტილების მიღების პროცესში მიიღონ მონაწილეობა. ეს უფლება სრულად იქნა უგულებელყოფილი. გარდა კონსტიტუციისა, დაირღვა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, რომელიც განსაზღვრავს, რომ უნდა გამოქვეყნდეს ცნობა გადაწყვეტილების მიღების შესახებ, დაინტერესებულ პირებს უნდა ჰქონდეთ მოსაზრებების წარდგენის უფლება. რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ამ ტიპის გადაწყვეტილებამ პირდაპირ დაარღვია დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ საქართველოს კანონის მოთხოვნა, რომელიც ამბობს, რომ დაცული ტერიტორიების განკარგვის და განვითარების პროცესში ადგილობრივები, ის ხალხი, ვისაც ყველაზე მეტად ეხება ეს გადაწყვეტილება, უნდა იყვნენ ჩართულნი”, – განაცხადა სალომე შუბლაძემ.
ადგილობრივთა ინფორმაციით, რაც მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა ცოტნე თვარაძემ ნეტგაზეთთან საუბარშიც დაადასტურა, მოსახლეობამ მხოლოდ მაშინ შეიტყო მიღებული გადაწყვეტილების შესახებ, როცა სამუშაოები დაიწყო და ისინი ფაქტის წინაშე დააყენეს. ნეტგაზეთთან საუბარში ეს კატეგორიულად უარყო კანიონი 350-ის თანამფლობელმა და დირექტორმა გიორგი მერკვილაძემ.
სოციალური სამართლიანობის ცენტრში აღნიშნავენ, რომ ადგილობრივებთან შეთანხმების მიღწევამდე, 2023 წლის 22 სექტემბერს, სასამართლოს ერთხელ უკვე მიმართეს და სამუშაოების დროებით შეჩერება მოითხოვეს. სასამართლომ დროებითი ზომის მიღებაზე უარი თქვა.
ორგანიზაციის განცხადებით, ვინაიდან 5 ოქტომბერს ბათუმში გამართულ შეხვედრაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენელმა გასცა დაპირება, რომ კომპანიის მიერ ჩადენილი დარღვევების შესახებ ინფორმაციის ქონის შემთხვევაში, სააგენტო მიიღებდა გადაწყვეტილებას სამუშაოების შეჩერების შესახებ, მოძრაობა “ბალდის კანიონის შესანარჩუნებლად” და სოციალური სამართლიანობის ცენტრი აყენებენ მოთხოვნას, რომ აშკარა სამართალდარღვევების გამოვლენის ფონზე, დაწესდეს მორატორიუმი მიმდინარე სამუშაოებზე.
“ასევე ვაპირებთ სარჩელით მივმართოთ სასამართლოს ძირითადი გადაწყვეტილების [კომპანიისთვის ტერიტორიის 40 წლით გადაცემის შესახებ] უკანონობის დადგენის მოთხოვნით”, – განაცხადა პრესკონფერენციაზე სალომე შუბლაძემ.
“იქიდან გამომდინარე, რომ საჭიროა, მობილურები ვიყოთ და სწრაფად მოვახდინოთ რეაგირება მიმდინარე მოვლენებზე, კანიონთან ახლოს გავშლით კარავს და გადავალთ პროტესტის სხვა ფორმებზე. ვიცით, რომ ეს შეიძლება ხანგრძლივი ბრძოლა იყოს, მაგრამ ერთ გოჯს არ დავთმობთ”, – თქვა მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა ცოტნე თვარაძემ პრესკონფერენციის მიწურულს.
ბალდის კანიონი მარტვილიდან 20 წუთის სავალზე, დაახლოებით 11 კილომეტრში მდებარეობს, ბალდის მამათა მონასტრის მიმდებარედ, ზღვის დონიდან 295 მეტრზე. აუქციონის პირობების მიხედვით, კომპანიას 3 წლის ვადა აქვს ინფრასტრუქტურის მოსაწყობად და ვალდებულია, საამისოდ ორი მილიონ რვაასი ათასი ლარის ინვესტიცია ჩადოს პროექტში. მას შემდეგ, რაც ადგილობრივების თქმით, ტერიტორიის კომპანიისთვის იჯარით გადაცემის შესახებ შეიტყვეს, საპროტესტო მოძრაობა მიმდინარეობს.