ახალი ამბები

ენმ თბილისის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე ბოიკოტს აცხადებს

20 ოქტომბერი, 2023 • 972
ენმ თბილისის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე ბოიკოტს აცხადებს

თბილისის საკრებულოში ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები პროტესტის ნიშანდ დღეს სხდომაზე არ შევლენ. ამის შესახებ ენმ-ის ფრაქციის წევრებმა დღეს, 20 ოქტომბერს, ბრიფინგი გამართეს.

როგორც ფრაქციის თავმჯდომარემ ირაკლი ნადირაძემ განაცხადა, დღევანდელი სხდომის ბოიკოტი მათ თანაგუნდელზე, ირაკლი ეძგვერაძეზე თავდასხმას უკავშირდება. მისი თქმით, ეძგვერაძეზე თავდამსხმელები ჯერ კიდევ დაუსჯელები არიან, როდესაც არსებობს ყველანაირი მტკიცებულება მათ დასაკავებლად.

თუ ამ ბანდიტებს ხელს არ აფარებს კახი კალაძე, კოტე ზარნაძე, პოლიცია და სუსი, მივმართავთ პროკურატურას, დაისაჯოს ყველა ის დამნაშავე, ყველა ის პირი, რომლის იდენტიფიცირებაც არის მარტივად შესაძლებელი. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ პროტესტის ნიშნად დღეს სხდომაზე არ შევა“, – განაცხადა საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ირაკლი ნადირაძემ

„დღეს იმართება საკრებულოს სხდომა და აქ მყოფ ყველა კოლეგას, გამომდინარე იქიდან, რომ ქალაქში არის უამრავი კოლეგა, სურვილი გვქონდა გვესაუბრა საცობებზე, გადატვირთულ საზოგადოებრივ ტრანსპორტზე, მილიონ პრობლემაზე, რომელიც თბილისელებს აწუხებს, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ ასეთი მძიმე დანაშაული ჩვენი კოლეგის მიმართ ჯერ კიდევ არის გამოუძიებელი, ჯერ კიდევ ძალიან ბევრი ადამიანი არის დაუსჯელი, უბრალოდ ჩვეულებრივი რიგითი საკრებულოს სხდომა ვერ იქნებოდა, ამიტომ დღეს ბოიკოტის ნიშნად “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” სხდომაში მონაწილეობას არ მიიღებს, რადგან კიდევ ერთხელ გავუსვათ ხაზი, რომ “ქართული ოცნების” მიერ შექმნილია ის ავტოკრატიული რეჟიმი, რომელსაც შეუძლია მათ შორის საკრებულოს დეპუტატებზე ძალადობა ისევე, როგორც ძალადობს ქუჩაში ყოველდღიურად ჩვენს მოქალაქეებზე“, – განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.

ნადირაძემ საგამოძიებო უწყებას კიდევ ერთხელ მოუწოდა, რომ ყველა დამნაშავე დაუყოვნებლივ დაისაჯოს.

„თუ ამ დამნაშავეებს, ამ ბანდიტებს ხელს არ აფარებს კახი კალაძე და ეს თავდასხმა არ იყო ორგანიზებული მის მიერ, თუ ეს ინციდენტი არ უკავშირდება “ქართული ოცნების” დეპუტატ კოტე ზარნაძეს და მასთან დაპირისპირებას, თუ ამ ადამიანებს ხელს არ აფარებს სუსი, ხელს არ აფარებს პოლიცია, მივმართავ კიდევ ერთხელ მთავარ პროკურატურას, დაისაჯოს ყველა ის დამნაშავე, ყველა ის პირი, რომლის იდენტიფიცირებაც არის მარტივად შესაძლებელი და რომლებიც დღემდე რჩებიან დაუსჯელები.  მათ შორის კადრებში ჩანს, როგორ ცდილობენ ამ ადამიანისთვის სიცოცხლის მოსპობას, როდესაც მანქანითაც კი ეჯახებოდნენ ამ ადამიანს, ეს პირიც კი არ არის დასჯილი.

ამიტომ მოვუწოდებ მთავარ პროკურატურას, ყველა საგამოძიებო უწყებას, რომ დაუყოვნებლივ ყველა დამნაშავე იყოს დასჯილი, თუ არადა, ეს  იქნება კიდევ ერთი მტკიცებულება, რომ ამ ყველაფრის უკან იდგა “ქართული ოცნება” და ამ ადამიანებს ზურგს უმაგრებდა პოლიცია და სუსი“, – განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.


22 სექტემბერს გლდანში თბილისის საკრებულოს წევრს „ნაციონალური მოძრაობიდან“ ირაკლი ეძგვერაძეს თავს დაესხნენ. შსს-მ ეძგვერაძეზე თავდასხმის გამო ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით 6 პირი დაკავა.

თავად ირაკლი ეძგვერაძე აცხადებს, რომ თავდასხმა ორგანიზებული იყო თბილისის საკრებულოში გლდანის მაჟორიტარის, კონსტანტინე ზარნაძის მიერ. თავდასხმამდე რამდენიმე საათით ადრე საკრებულოს სხდომაზე ის და ზარნაძე ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. ეძგვერაძის თქმით, თავდასხმისას უთხრეს, რომ ეს საკრებულოს უკავშირდებოდა.

„რომ მირტყამდნენ, [მითხრეს] არ მოისვენე, ეს გინდოდაო… ზარნაძის გვარიც ახსენეს და ა.შ.“, – აცხადებს ირაკლი ეძგვერაძე.

22 სექტემბერს გლდანში ნაციონალური მოძრაობის ყოფილი თავმჯდომარე, ნიკა მელია, ასევე ბაჩო დოლიძე და ზვიად კუპრავა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად დააკავეს.  ისინი იმყოფებოდნენ გლდანში, ადგილზე, სადაც მანამდე თავს დაესხნენ ენმ-ის წევრს, საკრებულოს დეპუტატ ირაკლი ეძგვერაძეს. თუმცა მოგვიანებით შსს-მ განცხადა, რომ სამსახურებრივი საქმიანობის შესრულების დროს პოლიციელებზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი