ახალი ამბები

ქუთაისის აეროპორტი 9 თვეში 1 200 000-ზე მეტ მგზავრს მოემსახურა

19 ოქტომბერი, 2023 • 976
ქუთაისის აეროპორტი 9 თვეში 1 200 000-ზე მეტ მგზავრს მოემსახურა

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების განცხადებით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 9 თვეში რეკორდული რაოდენობის – 1 216 372 მგზავრს მოემსახურა.

ორგანიზაციის თქმით, იანვარ-სექტემბერში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადის რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა და 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 92 % – ით გაიზარდა.

აეროპორტების გაერთიანების განცხადებით, მგზავრთნაკადის გარდა, ისტორიულ მაქსიმუმს მიუახლოვდა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან განხორციელებული ავიარეისების რაოდენობაც. კერძოდ, 2023 წლის იანვარ-სექტემბრის მონაცემებით, 3,615 რეისი შესრულდა და 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით რეისების რაოდენობა 43%-ით გაიზარდა:

„ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადის რაოდენობის კუთხით, სტაბილური ზრდაა თვის ჭრილშიც. სექტემბერში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 163,998 მგზავრს მოემსახურა. რაც 2022 წლის ანალოგიურ პერიოდს 66 %-ით აღემატება. რაც შეეხება ავიარეისებს, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი სექტემბერში 483 რეისს მოემსახურა, რაც 2022 წლის პერიოდთან შედარებით,15 %-ით მეტია“ ,— ვკითხულობთ განცხადებაში.

აეროპორტების გაერთიანება აღნიშნავს, რომ 2023 წლის 1 ივნისიდან ავიაკომპანია WIZZ AIR-მა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მესამე ბაზირებული ხომალდი დააბრუნა და რეგულარულ რეისებს მადრიდის, ბრიუსელის, ფრანკფურტის, ჰამბურგისა და პოზნანის მიმართულებით ასრულებს. 4 ივნისიდან კი ყაზახურმა დაბალბიუჯეტურმა ავიაკომპანია FlyArystan-მა ალმატი-ქუთაისი-ალმატის მიმართულება დაამატა.

2023 წლის პირველ დეკემბერს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს Wizz AIr-ის მეოთხე ბაზირებული ხომალდი და კოპენჰაგენის მიმართულება დაემატება. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ამ ეტაპისთვის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან 5 ავიაკომპანია ოპერირებს. რეისები 18 ქვეყნის 35 მიმართულებით სრულდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი