ახალი ამბები

ჯო ბაიდენი თელ-ავივში ჩაფრინდა

18 ოქტომბერი, 2023 • 2398
ჯო ბაიდენი თელ-ავივში ჩაფრინდა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ისრაელში ჩაფრინდა, თუმცა მანამ, სანამ საპრეზიდენტო თვითმფრინავი აშშ-ს დატოვებდა, დაგეგმილი შეხვედრების დიდი ნაწილი გაუქმდა.

ამის მიზეზი გახდა გუშინ, 17 ოქტომბერს, ღამით ღაზის სექტორში საავადმყოფოს დაბომბვა, რომელსაც სავარაუდოდ ასობით პალესტინელის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაჯგუფება ჰამასი, რომელიც ღაზას აკონტროლებს, მომხდარში ისრაელს ადანაშაულებს, ისრაელი კი თავის მხრივ აცხადებს, რომ ეს დაჯგუფება „ისლამურმა ჯიჰადმა“ ჩაიდინა.

ახლო აღმოსავლეთში ვიზიტის ფარგლებში ჯო ბაიდენი ქვეყნის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს და არაბული ქვეყნების ლიდერებს უნდა შეხვედროდა, თუმცა რამდენიმე წუთით ადრე, სანამ საპრეზიდენტო თვითმფრინავი ენდრიუსის ბაზიდან აფრინდებოდა, იორდანიაში დაგეგმილი სამიტი, სადაც ბაიდენი ეგვიპტის, იორდანიისა და პალესტინის ხელისუფლების წარმომადგენლებს უნდა შეხვედროდა — გაუქმდა. შედეგად, ახლო აღმოსავლეთში თითქმის ხუთსაათიანი ვიზიტის ფარგლებში, ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ჯო ბაიდენი მხოლოდ ისრაელის პრემიერსა და პრეზიდენტს შეხვდება.

ისრაელში ვიზიტით იმყოფებოდა აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენიც.

7 ოქტომბერს, ისრაელზე „ჰამასის“ თავდასხმის შემდეგ, ისრაელის თავდაცვის ძალებმა [„ცაჰალი“] დაიწყეს ღაზის სექტორის დაბომბვა და უკანასკნელი ცნობებით, სახმელეთო ოპერაციისთვის ემზადებიან. ამ ეტაპზე ცნობილია 2670-ზე მეტ დაღუპულ პალესტინელზე. 1400-ზე მეტი პირი დაიღუპა ისრაელში. „ცაჰალმა“ მოუწოდა ჩრდილოეთ ღაზაში მცხოვრებ მშვიდობიან პირებს, ტერიტორიის სამხრეთში გადავიდნენ, რათა სამხედრო ოპერაციების არეალში არ მოყვნენ.

ღაზის სექტორი მცირე, დაახლოებით თბილისის ფართობის ნახევარი ტერიტორიაა, რომელშიც ორ მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს. ტერიტორია ხმელეთიდან სრულ ბლოკადაშია. ერთადერთი გასასვლელი ღაზადან ეგვიპტის საზღვარზეა, თუმცა იქ მდებარე სასაზღვრო-გამშვები პუნქტი ვერ ახერხებს სათანადოდ ოპერირებას დაბომბვის გამო. ჩვეულ რეჟიმშიც ამ პუნქტზე საჭირო იყო გადასვლისთვის სპეციალური ნებართვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი