ახალი ამბები

ფონ კრამონმა მხარი დაუჭირა სალომე ზურაბიშვილს ევროპარლამენტის ტრიბუნიდან

17 ოქტომბერი, 2023 • 859
ფონ კრამონმა მხარი დაუჭირა სალომე ზურაბიშვილს ევროპარლამენტის ტრიბუნიდან

ევროპარლამენტის წევრი ვიოლა ფონ კრამონი ევროპარლამენტში გამოსვლისას სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის მცდელობას გამოეხმაურა. მისი თქმით, ზურაბიშვილს იმპიჩმენტს უწყობენ საქართველოს ევროინტეგრაციისთვის გადადგმული ნაბიჯების გამო.

„ხუთი თვის წინ აქ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი იდგა თავისი ქვეყნის ევროპული მომავლის მხარდასაჭერად. პრეზიდენტი აკეთებს იმას, რაზეც უარს ამბობს მთავრობა – აახლოებს თავის ქვეყანას ევროკავშირთან. პრეზიდენტი, ხალხის მსგავსად, სისხლითა და ხორცით ევროპელია.

იგი მტკიცედ იცავს კონსტიტუციის 78-ე მუხლს: კონსტიტუციურმა ორგანოებმა თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში მიიღონ ყველა ზომა ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად.

ამ ძალისხმევისთვის მას ოლიგარქი და მისი ჩინოვნიკები სჯიან. ძვირფასო კოლეგებო, განგაშით გამცნობთ, რომ ერთ დროს ევროპული იმედის შუქურა სწრაფად მიექანება მისი ავტორიტარული, პრორუსული მმართველობისკენ. სასამართლო სისტემა ხარვეზიანია და გამოიყენება იმ ფარსში, რომელსაც იმპიჩმენტს უწოდებენ.

არ შეგვიძლია და არ ჩავიქნევთ ხელს საქართველოზე“, არ დავტოვებთ პროევროპულ ქართველთა 80%-ს მარტოს მიტაცებული რეჟიმის წინააღმდეგ. საქართველო გახდება ევროკავშირის წევრი“, – განაცხადა მან ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კონსტიტუცია დაარღვია. გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლოში 16 ოქტომბერს, გამოცხადდა.

საკონსტიტუციო სასამართლოს სასამართლოს დასკვნას, რომლითაც პრეზიდენტი კონსტიტუციის დამრღვევად ცნეს, მხარი საკონსტიტუციოს 9 მოსამართლიდან 6-მა დაუჭირა. მოსამართლეები, რომლებმაც განსხვავებული მოსაზრება დააფიქსირეს, არიან: ირინა იმერლიშვილი, გიორგი კვერენჩხილაძე და თეიმურაზ ტუღუში.

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ ახლა პროცესები პარლამენტში უნდა გაგრძელდეს. იმპიჩმენტის თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილებას პარლამენტი იღებს, სადაც ამისათვის 100 დეპუტატის მხარდაჭერაა საჭირო. “ქართულ ოცნებას” და მის მოკავშირეებს ამ ეტაპზე 100 მანდატი არ აქვთ.

მასალების გადაბეჭდვის წესი