ახალი ამბები

აუხსნელი და უხერხულია, რომ „ოცნებამ“ პუტინის წინააღმდეგ რეზოლუციას მხარი არ დაუჭირა – ელისაშვილი

17 ოქტომბერი, 2023 • 1149
აუხსნელი და უხერხულია, რომ „ოცნებამ“ პუტინის წინააღმდეგ რეზოლუციას მხარი არ დაუჭირა – ელისაშვილი

პარტია „მოქალაქეების“ ლიდერის, ალეკო ელისაშვილის განცხადებით, აუხსნელი და უხერხულია ის ფაქტი, რომ „ქართული ოცნების“ წევრებმა მხარი არ დაუჭირეს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) რეზოლუციას,  რომელიც არალეგიტიმურად აცხადებს ვლადიმერ პუტინის პრეზიდენტობას 2024 წლის შემდეგ.

ელისაშვილის თქმით, როგორც ჩანს, რაღაც შეიცვალა, რადგან „ქართული ოცნება“ რუსეთთან დაკავშირებით რეზოლუციებსაც აღარ უჭერს მხარს.

„გასულ კვირას ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე ძალიან მნიშვნელოვანი რეზოლუცია მიიღეს პუტინის დიქტატორული მმართველობის თაობაზე. საქართველოს მხრიდან ერთადერთი, ვინც ამ რეზოლუციას მხარი დაუჭირა, ჩვენი პარტიის, „მოქალაქეების“ ერთ-ერთი ლიდერი ქეთევან თურაზაშვილია. მან მიიღო ის გადაწყვეტილება, რომელსაც ყველა ნორმალური ქართველი მიიღებდა და ამ რეზოლუციას მხარი დაუჭირა. უბრალოდ, აუხსნელი, გაუგებარი და უხერხულია, როცა ამ რეზოლუციას საქართველოს მხრიდან მმართველი პარტიის არცერთმა წარმომადგენელმა მხარი არ დაუჭირა. შემდეგ ვისმენდი განმარტებებს და პრინციპში განმარტება არ იყო.

აქამდე იმით მაინც იმართლებდა თავს „ქართული ოცნება“, რომ რუსეთთან მიმართებით არცერთ საერთაშორისო რეზოლუციას არ გამოკლებია. რეზოლუციებს მაინც უჭერდით მხარს აქამდე და ახლა, როგორც ჩანს, რაღაც კიდევ უფრო შეიცვალა. არ ვიცი, რუსეთ-უკრიანის ომს როგორ აჩვენებს თქვენი, „ქართული ოცნების“ წევრების ტელევიზორები, მაგრამ ფაქტია, რომ რაღაც შეიცვალა და ახლა ასეთ დოკუმენტებსაც კი არ უჭერთ მხარს. რაც ძალიან უხერხულია თქვენთვის და ქვეყნისთვის“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.


“ქართული ოცნების” წარმომადგენლები PACE-ში არ დაესწრნენ და, შესაბამისად, მხარი არ დაუჭირეს რეზოლუციას, რომელიც არალეგიტიმურად აცხადებს ვლადიმერ პუტინის პრეზიდენტობას 2024 წლის შემდეგ.

PACE ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაა, რომლის წევრებიც ქართველი დპუტატებიც არიან. მმართველი პარტიის წევრები შესაბამის სხდომას საერთოდ არ დასწრებაინ. რეზოლუციას საქართველოდან მხარი ოპოზიციონერმა ქეთევან თურაზაშვილმა (“მოქალაქეები”) დაუჭირა.

“ოცნება” PACE-ში არც აპრილში დაესწრო სხდომას, სადაც რუსეთის წინააღმდეგ მიიღეს რეზოლუცია. როგორც მაშინ „ქართული ოცნების“ წევრი გივი მიქანაძე ამბობდა, უმრავლესობის წევრებს უკან დასაბრუნებელი ბილეთები დიდი ხნით ადრე ჰქონდათ ნაყიდი და ამიტომ სტრასბურგიდან კენჭისყრის წინა დღეს წამოვიდნენ. მისი თქმით, სწორედ ესაა მიზეზი, რატომაც არ მიიღეს კენჭისყრაში მონაწილეობა.

მასალების გადაბეჭდვის წესი