ახალი ამბებიკომენტარისაზოგადოება

„არ მინდა რომელიმე პარტიისთვის მუშაობა“ – ჟურნალისტი ქეთი ფარცხალაძე „იმედს“ ტოვებს

16 ოქტომბერი, 2023 • 4236
„არ მინდა რომელიმე პარტიისთვის მუშაობა“ – ჟურნალისტი ქეთი ფარცხალაძე „იმედს“ ტოვებს

ჟურნალისტი ქეთი ფარცხალაძე, რომელიც „იმედის კვირაში“ კულტურის საკითხებზე მუშაობდა, ტოვებს ხელისუფლებისადმი ლოიალურ ტელეკომპანია „იმედს“.

როგორც იგი „ფეისბუქში“ გამოქვეყნებულ პოსტში წერს, „უთხრეს, რომ პოლიტიკურ თემებზეც მოუწევდა მუშაობა“.

„მე არ მინდა ჟურნალისტიკიდან რომელიმე პარტიისთვის მუშაობა, ამ გუნდის მხარდამჭერიც რომ ვიყო, როგორც მოქალაქე. ახალს არაფერს ვამბობ, არხს გაცხადებული აქვს სარედაქციო პოლიტიკა “, – ამბობს ფარცხალაძე.

“ნეტგაზეთთან” დამატებით კომენტარს ჟურნალისტი ამ თემაზე არ აკეთებს.

2023 წლის მარტში, მმართველი გუნდის მიერ „უცხოეთის აგენტებზე“ რუსული კანონის მიღების მცდელობისას, ფარცხალაძე იყო ერთ-ერთი „იმედის“ იმ ჟურნალისტებს შორის, ვინც გააკრიტიკა ეს კანონპროექტი.

„კანონპროექტების შინაარსში რომ არ შევიდეთ, რაც ევროკავშირის წევრობის განაცხადი გააკეთა ქვეყანამ, რეკომენდაციებს ვასრულებთ, მათ შორის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება კანონმდებლობის შესაბამისობაში მოყვანაა და დღეს, ამდენი წლის შემდეგ, ახალ ინიციატივაზე შეშფოთებას რომ გამოხატავენ ევროკავშირში — შეუსაბამო იქნება საქართველოს ევროკავშირისკენ მისწრაფებებისთვის, ევროკავშირის ნორმებთან და ღირებულებებთანო, როგორ არაა გასათვალისწინებელი?

ამერიკა რომ გეუბნება, ღრმად გვაშფოთებს მისი შესაძლო შედეგები სიტყვის თავისუფლებასა და დემოკრატიაზე საქართველოშიო და უამრავი ის ადამაინიც რომ გამოხატავს შეშფოთებას ქვეყნის შიგნით, რომელსაც კანონი პირდაპირ არ ეხება, არასამთვრობო სექტორს არ წარმოადგენს (იმასაც ვერაფრით იტყვი ამ ხალხზე, არ წაუკითხავს, ისე საუბრობსო, ან წაკითხულის გააზრება უჭირსო), ასეთი ვნებათაღელვა რომ მოჰყვა და იზოლაციაში რომ დარჩა ხელისუფლება, როგორ არ წონის ეს ყველაფერი ინიცატორთა მიზანს, რაც არ უნდა კეთილშობილური ინტერესი ჰქონდეთ?

არგუმენტი ვერ იქნება, „ევროპა მიშას გათავისუფლებასაც გვთხოვს და გავათავისუფლოთ?“ ვერც „არ უნდა ვიცოდეთ, რაღაც მოძრაობები საიდან მოდის?“ და ა.შ. და ა.შ.“, — წერდა იგი მარტში.

მასალების გადაბეჭდვის წესი