აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ხანქენდში [სომხური დასახელება – სტეპანაკერტი], რომელიც 19 სექტემბრის შემდეგ დაიკავა, კომენდანტი დანიშნა და შესაბამის ბრძანებას ხელი მოაწერა. ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.
ოფიციალური ცნობითვე, ალიევმა ხანქენდის [სტეპანაკერტი] კომენდანტად პოლიციის გენერალ-მაიორი საფაროვი დანიშნა.
ალიევმა 19 სექტემბრის შემდეგ დაკავებული მთიანი ყარაბაღის ტერიტორიები, მათ შორის მთიანი ყარაბაღის დედაქალაქი სტეპანაკერტი, 15 ოქტომბერს მოინახულა და აზერბაიჯანის დროშა აღმართა. ამავე დღეს, თავის გამოსვლაში, ალიევმა განაცხადა, რომ ზოგიერთი შუამავალი ცდილობდა ყარაბაღის პრობლემის მშვიდობიანი გადაჭრის გზები ეპოვა და “კონფლიქტი სამუდამოდ გაეყინა”.
მთიანი ყარაბაღის იმ ტერიტორიაზე, რომელსაც აზერბაიჯანული მხარე არ აკონტროლებდა და 2020 წლის ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ რუსი სამშვიდობოების პასუხისმგებლობის ქვეშ იყო, აზერბაიჯანმა “ანტიტერორისტული ოპერაციის” მოტივით 19 სექტემბერს შეტევა დაიწყო.
დე ფაქტო რესპუბლიკის ცნობით, დაღუპულია, სულ მცირე, 200 ადამიანი, მათ შორის, მშვიდობიანი მოსახლეობა, და დაჭრილია 400-ზე მეტი მოქალაქე.
20 სექტემბერს დე ფაქტო ყარაბაღის რესპუბლიკამ მიიღო რუსი მშვიდობისმყოფელების წინადადება ცეცხლის შეწყვეტასა და საბრძოლო შენაერთების განიარაღებაზე, რაც ბაქომ აზერბაიჯანის მორიგ ტრიუმფად და ყარაბაღის კაპიტულაციად გამოაცხადა. ამასთან, აზერბაიჯანმა ყარაბაღელი სომხების რეინტეგრაციის გეგმასა და მშვიდობიან თანაცხოვრებაზე დაიწყო საუბარი, თუმცა, ყარაბაღელი სომხები აზერბაიჯანის ხელისუფლების კონტროლქვეშ ცხოვრებაზე უარს ამბობენ და სომხეთში, იძულებით გადაადგილებული პირების სტატუსით გადადიან საცხოვრებლად. ამ მოვლენებამდე ყარაბაღში 120 ათასი ეთნიკურად სომეხი ადამიანი ცხოვრობდა.
19 სექტემბრის შემდეგ, ოფიციალური მონაცემით, 100 ათასზე მეტი ეთნიკური სომეხი საცხოვრებლად სომხეთში გადავიდა.