ახალი ამბები

“ოჯახის სფერო”, მართლმსაჯულება, ნარჩენების მართვა – მემორანდუმები საქართველო-უნგრეთს შორის

12 ოქტომბერი, 2023 • 1619
“ოჯახის სფერო”, მართლმსაჯულება, ნარჩენების მართვა – მემორანდუმები საქართველო-უნგრეთს შორის

12 სექტემბერს, საქართველოსა და უნგრეთის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომა გაიმართა. სხდომის დასრულების შემდეგ, ორი ქვეყნის მინისტრებმა ხელი მოაწერეს ათ დოკუმენტს, რომლებიც საქართველოსა და უნგრეთს შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობას გულისხმობს.

ურთიერთაგების მემორანდუმები გაფორმდა ეკონომიკის, ფინანსების, თავდაცვის, მართლმსაჯულების, კულტურისა და ინოვაციების, ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების, საგარეო საქმეთა და ვაჭრობის სფეროებში. ასევე, ხელი მოეწერა “განათლების, მეცნიერებისა და ოჯახის სფეროში თანამშრომლობის შესახებ ოქმს”.

საქართველოსა და უნგრეთის პრემიერ-მინისტრებმა, ირაკლი ღარიბაშვილმა და ვიქტორ ორბანმა ქვეყნებს შორის მჭიდრო თანამშრომლობა დააანონსეს.

ღარიბაშვილმა ორბანს კახეთში, წინანდლის მამულში უმასპინძლა, სადაც, როგორც თავად განაცხადა, მეფე ერეკლე II-ზე უამბო. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრებმა ალავერდის ტაძრის სამონასტრო კომპლექსი დაათვალიერეს, მათი მეუღლეები, ნუნუკა თამაზაშვილი და ანიკო ლევაი კი ბოდბის წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტერში იმყოფებოდნენ.

“პრემიერ-მინისტრთა მეუღლეებმა მონასტერი მოილოცეს”, – ვკითხულობთ ოფიციალურ განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი