ახალი ამბები

„არ არის ადვილი, იყო ქრისტიანი ევროპაში“ — ორბანი

12 ოქტომბერი, 2023 •
„არ არის ადვილი, იყო ქრისტიანი ევროპაში“ — ორბანი

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრაზე ისაუბრა ქრისტიანულ ტრადიციებზე, რომელიც, მისი თქმით, საქართველოსა და უნგრეთს ერთიანებს და მხარი დაუჭირა თბილისის ევროპულ მისწრაფებებს.

„არ არის ადვილი, იყო ქრისტიანი ევროპაში. არ არის ადვილი, მართო ქრისტიანული მთავრობა ევროპაში. ქრისტიანული ტრადიციების დაცვა გახლავთ წინაპირობა ევროპული კონკურენტუნარიანობისთვის“, — განაცხადა ორბანმა.

უნგრეთის პრემიერის თქმით, ის „მაღალ შეფასებას აძლევს იმ ბრძოლას“, რომელსაც რამდენიმე ასეული წელია საქართველო ატარებს ქრისტიანული სახელმწიფოს შესანარჩუნებლად.

ორბანმა ისაუბრა საქართველოს ეკონომიკურ წარმატებებზე და აღნიშნა, რომ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების გაწევრიანებამ მხოლოდ გააძლიერა ევროკავშირის ეკონომიკა.

„საქართველო გახლავთ ქვეყანა, რომელიც განსაკუთრებით იმსახურებს აღნიშნულ [კანდიდატის] სტატუსს. ეკონომიკური მაჩვენებლები, რომლებიც ქვეყანას გააჩნია, არის მაღალი და მე მწამს, რომ ევროკავშირის ინტერესშია, დაუკავშირდეს კავკასიის რეგიონს საქართველოს მეშვეობით.

ძალიან გულდაწყვეტილი და გაბრაზებული ვართ, რომ საქართველომ ვერ მიიღო კანდიდატის სტატუსი, როდესაც მიიღეს იმ ქვეყნებმა, რომლებიც გაცილებით ჩამორჩენილი არიან განვითარების თვალსაზრისით. თუ რასაც ვამბობთ, მართალია, რომ გაფართოება დამსახურებაზე დაფუძნებული პროცესია, რაც მოხდა თქვენს ქვეყანასთან დაკავშირებით, არის საკმაოდ უსამართლო. ეს უნდა გამოსწორდეს რაც შეიძლება მალე“, — განაცხადა ორბანმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ გლობალური უსაფრთხოების უარესი გარემო არასდროს ყოფილა ბოლო 30 წლის განმავლობაში და ხაზი გაუსვა მშვიდობის მნიშვნელობას.

„ჩვენ ჩავატარეთ ორი მთავრობის შეხვედრა, რომელთაც გააჩნიათ ისტორიული გამოცდილება იმის ცოდნისა, რომ მშვიდობა ყოველთვის ჯობია ომს. ჩვენ ყოველთვის უნდა ვიბრძოლოთ საერთაშორისო პოლიტიკაში, რომ კონფლიქტები რაც შეიძლება სწრაფად დასრულდეს სამშვიდობო შეთანხმებით. ეს არის უმთავრესი განვითარებისთვის. მსოფლიო ჯერ შორს არის ამისგან. ქართველები და უნგრელები ერთმანეთს ვგავართ“, — განაცხადა ვიქტორ ორბანმა, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა კახეთში, ერეკლე მეორის სასახლეში უმასპინძლა.

ვიქტორ ორბანის განცხადებების თარგმანი ეკუთვნის საქართველოს მთავრობას.

მასალების გადაბეჭდვის წესი